„ამას თუ გავითვალისწინებთ, შანსები თანაბარია“ - არმანს ილია პედის მეტოქედ მიაჩნია
მაურისიო რუფისთან პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამარჯვებამ არმან ცარუკიანი მშვენიერ ხასიათზე დააყენა და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ძალების რწმენა გაუზარდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ სომეხი კონტენდერი თითქმის ყველა საჯარო განცხადებაში ამბობს, რომ მისი მომდევნო ჩხუბი სატიტულო იქნება, რაც როგორც თავად არმანი აცხადებს, დენა უაითმაც დაუდასტურა. როდესაც ერთ-ერთ გამოცემას ამის თაობაზე უთხრა, ცარუკიანს ჰკითხეს, თავად თუ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდებოდა, ვისთან უნდა იჩხუბოს ილია თოფურიამ, რაზეც სომეხი სპორტსმენისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„თოფურიას მეტოქე სავარაუდოდ პედი პიმბლეტი იქნება. ვინ გაიმარჯვებს? რთული სათქმელია. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ კონდიციაში დაბრუნდება ილია. ქართველი შეიძლება ძველებურად ძლიერი იყოს და ასეთ შემთხვევაში პიმბლეტს ნოკაუტში გაგზავნის, ან შესაძლოა პირიქით მოხდეს და დამარცხდეს. თოფურია როგორც წესი ნოკაუტებზე ნადირობს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პედის ძლიერი ყბა და კარგი კარდიო აქვს, შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი“.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა 2025 წლის დასაწყისში წონის ვერჩაბარების გამო ისლამ მახაჩევთან ჩაშლილი მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბის შემდეგ, ჯერ დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მაურისიო რუფი, რომელიც სტრაიკინგში სიძლიერით არის გამორჩეული, პირველივე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.