„ბარემ ჩვენი მეტოქეები იარაღებით გამოვიდნენ“ | რეალის ტელევიზია მსაჯობას აკრიტიკებს
ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში მადრიდული დერბი გაიმართა. „ატლეტიკომ“ საშინაო მოედანზე „რეალს“ უმასპინძლა და „სამეფო კლუბი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრას საკამათო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია და „რეალი“ მთავარი არბიტრის, მიგელ ანხელ ორტის არიასის მსაჯობით განრისხებული დარჩა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბის“ ტელევიზიამ რეფერი მკაცრად გააკრიტიკა. „რეალში“ თვლიან, რომ „ატლეტიკო“ მოედანზე 9 კაცით უნდა დარჩენილიყო, თუმცა ლა ლიგაში არსებული ორმაგი სტანდარტების გამო პირიქით მოხდა და „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი გააძევეს.
„დარწმუნებული ვართ, „რეალის“ გულშემატკივრებს უბრალოდ უნდათ, ადგნენ და ლა ლიგა დატოვონ. ისეთი სიტუაციაა, ტურნირიდან გასვლა მოგინდება. აქამდე ცდილობდნენ დაემალათ მაინც, ახლა კი ამითაც არ იწუხებენ თავს. რამდენიმე კვირის წინ ორტის არიასი „ბარსელონას“ ფეხბურთელებს თბილად ეპყრობოდა, ახლა კი ეს გააკეთა...
გულისამრევია და არ აინტერესებთ, რომ ხავიერ ტებასის ლა ლიგაში ასეთი უმსგავსობები ხდება. ეს სეზონი ბოლო წვეთია. ერთადერთი, რაც დარჩა, პირდაპირი დირექტივაა, რომ „რეალის“ მეტოქე გუნდებს მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღით გასვლის უფლება მისცენ.
როდესაც საუბარი „რეალს“ ეხება, ეგრევე ორმაგი სტანდარტები ჩნდება. ისინი კონკურენციის გაწევის უფლებას არ გვაძლევენ. ეს ლა ლიგისა და ფედერაციის გადაწყვეტილებაა. მსაჯობას თუ გავითვალისწინებთ, დინ ჰუისენი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, არ გვგონია, გაეძევებინათ. ტაქტიკისა და საფეხბურთო საკითხების განხილვას არანაირი აზრი აღარ აქვს“, — აცხადებს „ბლანკოსის“ ტელევიზია.
ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ „რეალმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ორტის არიასმა საშინლად იმსაჯა. კლუბის განცხადებით, მან კრისტიან რომეროსა და კანგ-ინ ლის აშკარა წითელი ბარათები არ უჩვენა, მისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა კი შეხვედრის ბედი განსაზღვრა.