ძებნიაურის გამარჯვების გოლი - ქართველმა ტერმეზს მოაგებინა
უზბეკეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ტური არ გავა, რომელიმე ჩვენმა თანამემამულემ გამორჩეული მატჩი არ ჩაატაროს. ამჯერადაც ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და სუპერლიგის მეოცე ტურში „ტერმეზს“ უშუალო კონკურენტთან სტუმრად უმნიშვნელოვანესი თამაში თორნიკე ძებნიაურმა მოაგებინა.
„ბუნიოდკორთან“ შეხვედრაში 26 წლის ქართველი ფეხბურთელი სურხონის კლუბის ძირითადში მოხვდა და საკმაოდ აქტიურობდა. მთლიანობაში მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და როდესაც ყველას ეგონა, რომ მეტოქეები ქულებს გაიყოფნდნენ, ძებნიაურმა „ტერმეზის“ ერთ-ერთი შეტევის დროს დასწრებაზე კარგად ითამაშა და სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
ცნობისათვის, ოცი ტურის შემდეგ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში „ტერმეზი“ 23 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება თორნიკე ძებნიაურს, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ბურთი იყო და მისი პირველი გოლიც მეოთხე ტურში „ნასაფთან“ გამარჯვების მომტანი გახლდათ.