Aa
Aa

ტრილერი შეფილდში! ტრამპი გადარჩა!

სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯად ტრამპისა და კრის უეკელინის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ბრისტოლელმა მინიმალური სხვაობით 10-9 იმარჯვა და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტრამპი 8-4-ს იგებდა, თუმცა კრისმა ზედიზედ 4 ფრეიმის მოგება შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მოთამაშეებმა მოგებები გაცვალეს და გამარჯვებული მხოლოდ გადამწყვეტ ფრეიმში გამოვლინდა.

მე-19 ფრეიმი შესაძლებლობებზე და კლასზე მეტად ნერვების თამაში იყო და ორივე მოთამაშემ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. შეხვედრის  გადამწყვეტი მომენტი უეკელინის მიერ ჩაგდებული შავი ბურთი აღმოჩნდა. კრისმა მწვანე ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა და საჯარიმო ქულები მიიღო.

 

საბოლოოდ მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერმა, ჯად ტრამპმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე რიკი უოლდენს დაუპირისპირდება, მატჩი სტარტს 29 აპრილს აიღებს.

შეხვედრის შემდეგ კრისმა განაცხადა:“მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა არაფერს ვნანობ. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთე. რა თქმა უნდა მარცხი ყოველთვის დასანანია, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ მითამაშია“.

შეხვედრაზე კომენტარი ჯად ტრამპმაც გააკეთა და მატჩს ნებისმიერი მოთამაშის კოშმარი უწოდა: „ვფიქრობ უეკელინს გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა ასეთ მომენტებში წნეხი ორმაგდება და სასურველი შედეგის მიღწევა ერთიორად რთულდება. მოთამაშის გადმოსახედიდან ეს მატჩი საშინელება იყო."

ცხელი ამბები