ზურიკოს ასისტი - სენტ-ეტიენმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „დიჟონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალა. ქართველი შემტევი მთელი თამაში აქტიურობდა და „სენტ-ეტიენის“ მესამე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც საბოლოოდ მისმა გუნდმა გამარჯვებაც მოიპოვა.
ანგარიში 21-ე წუთზე „სენტ-ეტიენმა“ ბალოს გოლით გახსნა. 39-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, 55 -ე წუთზე ამჯერად მასპინძლები გავიდნენ წინ, რასაც 64-ე წუთზე ბალოს დუბლი და გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. გამარჯვების გოლი კი მე-80 წუთზე ბოკაიემ ზურიკო დავითაშვილის ასისტის შემდეგ გაიტანა.
ახალ სეზონში ქართველი შემტევი პირველად გამოჩნდა „სენტ-ეტიენის“ სასტარტო შემადგენლობაში და მეორე საგოლე მოქმედება ჰქონდა. ზურიკომ თავი მე-3 ტურში, „გრენობლის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. იმ მატჩში მოედანზე 27-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შემოვიდა და მეორე ტაიმში გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი სენტ-ეტიენმა 4:0 გაიმარჯვა.
ახალ სეზონში „სენტ-ეტიენს“ 4-დან 4 მოგება აქვს და 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს.