კრაიოვას ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა | მექვაბიშვილი MLS-ში ითამაშებს
რუმინული GSP-ის ინფორმაციით, კრაიოვას 25 წლის ქართველ ნახევარმცველს, ანზორ მექვაბიშვილს სურს დღეს დერბიში რაპიდის წინააღმდეგ ითამაშოს და შემდეგ კარიერას MLS-ში, ჩიკაგო ფაიერში გააგრძელებს. წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რუმინული FANATIK-ი განსხვავებულ ინფორმაციას წერს, რომლის მიხედვით მექვაბიშვილი რაპიდის წინააღმდეგ არ ითამაშებს და რამდენიმე საათში აშშ-ში გაემგზავრება.
Fanatik-ის ცნობით, კრაიოვას მფლობელმა მიხაი როტარუმ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა მექვაბიშვილისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, MLS-ის კლუბი სამ მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა კრაიოვა ცდილობს ბონუსებისა და მომავალი ტრანსფერის პროცენტის ხარჯზე საერთო თანხამ ოთხ მილიონ ევროს მიაღწიოს.
„წასვლის მიზეზი: 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ტრანსფერი ოჯახის გადაწყვეტილების გამო ისურვა, რომელსაც საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადასვლა სურს'' - წერს Fanatik-ი.
ჩიკაგო ფაიერი, რომლის შემადგენლობაში რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს, MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე ადგილზეა, ნეშვილსა და ინტერ მაიამის ჩამორჩება.
კრაიოვასთვის საკითხის დროულად დახურვა პრიორიტეტულია, რადგან ამ კვირაში კლუბმა უეფას კონფერენს ლიგის განაცხადის სია უნდა წარუდგინოს.
Gazeta Sporturilor-ის ცნობით, კონტრაქტის პირველ წელს ანზორ მექვაბიშვილის ხელფასი თვეში 80,000 ევრო იქნება, შემდგომში 100,000 ევრომდე გაიზრდება. ეს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დიდი ნახტომია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრაიოვაში მისი ყოველთვიური ხელფასი 20,000 ევროს შეადგენდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში კრაიოვამ მექვაბიშვილი 750,000 ევროს სანაცვლოდ დინამო თბილისიდან' შეიძინა.