„ორი დამაჯერებელი გამოსვლა და მკაფიო გზავნილი“ | იტალიურ პრესაში კვერნაძეს აქებენ
Tuttofrosinone-მ გიორგი კვერნაძეს სტატია მიუძღვნა. ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „იუვენტუსთან“ კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ, „ფიორენტინასთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა.
რას წერს Tuttofrosinone:
„სერია A-ში გამართული ორი ტურის შემდეგ, გიორგი კვერნაძე სცენის ცენტრშია და რაც მთავარია, მასიმილიანო ალვინის „ფროზინონეში“ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს. ქართველ გარემარბს ფეთქებადი სტარტი ჰქონდა. პირველი შეხვედრა იყო „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელშიც კვერნაძე სწრაფი გაქცევებითა და აჩქარებებით გამოირჩა და „ბიანკონერის“ დაცვის ხაზს მთელი მატჩი პრობლემებს უქმნიდა.
შემდეგ იყო „ფიორენტინასთან“ 3:0 მოგებული შეხვედრა, რომელშიც კვერნაძემ „იუვენტუსთან“ ნაჩვენები კარგი თამაში განამტკიცა. სწორედ მისმა ერთ-ერთმა მოქმედებამ დააწინაურა „ჯალობლუ“ და ქართველმა ფეხბურთელმა რაიმონდოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. სულ რაღაც ორი თამაშის შემდეგ, „ფროზინონეს“ იერარქია შეიცვალა. ამ მომენტისთვის, კვერნაძე ალვინის გუნდის თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელია, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გარანტირებული ნამდვილად არ იყო.
მოსამზადებელი პერიოდისას და სატრანსფერო ბაზრის შეფასებების დროს, არ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველ გარემარბს ასეთი ცენტრალური როლი ექნებოდა. „ფროზინონე“ ფლანგზე ხარისხიან ალტერნატივას ეძებდა — სასურველი იყო სერია A-ში სასტარტოში სათამაშოდ უკვე მზადმყოფი ფეხბურთელი.
თუმცა, ფეხბურთი პროგნოზების განადგურებითა და იერარქიების ცვლილებებითაცაა მიმზიდველი. კვერნაძე მოედანზე თავისი აჩქარებებით, სიმამაცითა და შემტევი სვლებით სწორედ ამას აკეთებს. მისმა თამაშმა ალვინი დაარწმუნა, რომ ქართველის გარეშე მარცხენა ფლანგი თავისი იმპულსის დიდ ნაწილს კარგავს.
სეზონი, რა თქმა უნდა, ძალიან გრძელია და ორი მატჩი საბოლოო ვერდიქტი ვერ იქნება. ვიხილავთ განსხვავებულ მომენტებს, კონკურენციასა და ჩავარდნებს, თუმცა აწმყო ძალიან მკაფიო სურათს გვიხატავს: გიორგი კვერნაძემ „ფროზინონე“ დაიპყრო და ალვინის განკარგულებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. ორი მატჩი, ორი დამაჯერებელი გამოსვლა და მკაფიო გზავნილი: ეს „ფროზინონე“, ჯერჯერობით, კვერნაძის ფლანგით თამაშობს“, — წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, „ფროზინონეს“ 3 ქულა აქვს და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 6 სექტემბერს გამართავს. კვერნაძის გუნდი „ვენეციას“ დაუპირისპირდება.