დონეცკის შახტარი ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს სტემფორდ ბრიჯზე გამართავს
ირაკლი აზაროვის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, რომლებშიც მასპინძლის სტატუსი ექნება, „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართავს. „ჩელსიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ საკუთარ სტადიონს უკრაინულ კლუბს დაუთმობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2025/26 წლების სეზონი „ჩელსისთვის“ იმედგამაცრუებელი იყო და ევროთასებს მიღმა დარჩა, კლუბი მოხარულია, დონეცკის „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში — ლონდონში თამაშის შესაძლებლობა მისცეს. „შახტარს“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში უთამაშია, მათ შორის ჰამბურგსა და ვარშავაში. მომავალ სეზონში კი ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ ითამაშებს“, — ნათქვამია „არისტოკრატების“ განცხადებაში.
„ჩელსის“ გადაწყვეტილებას „შახტარიც“ გამოეხმაურა და „ლურჯებს“ მადლობა გადაუხადა: „„სტემფორდ ბრიჯი“ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონია, თავისი წარმოუდგენელი ისტორიითა და ატმოსფეროთი. დარწმუნებულები ვართ, რომ „შახტარის“ თამაშები ლონდონში დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს როგორც უკრაინელ, ისე ინგლისელ გულშემატკივრებს“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის წილისყრა 27 აგვისტოს გაიმართება, პირველი ტურის შეხვედრები კი 8-10 სექტემბერს არის დანიშნული. „შახტარი“ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალთან“ ერთად მესამე კალათაშია.