ესპანური მედია: სევილია და სპორტინგი გადახდის ფორმულაზე შეთანხმდნენ
ესპანური გამოცემა Estadio Deportivo საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და „სევილიას“ შორის პირადი კონტრაქტის პირობები უკვე რამდენიმე კვირაა, შეთანხმებულია.
„ქოჩორაშვილმა უარი თქვა „ხეტაფეში“ გადასვლაზე და „სევილიაში“ ტრანსფერს ამჯობინებს. „სევილია“ და „სპორტინგი“ ახლოს არიან შეთანხმებასთან და პორტუგალიური კლუბი მიიღებს იმ 5.5 მილიონ ევროს, რაც მათ შარშან ქოჩორაშვილის სანაცვლოდ „ლევანტეს“ გადაუხადეს.
თავდაპირველად „სევილია“ იჯარასა და ერთი სეზონის შემდეგ გამოსყიდვას განიხილავდა, ახლა კი მხარეები შუალედურ ფორმულაზე შეთანხმდნენ და 5.5 მილიონი ევრო სხვადასხვა ბონუსის სახით იქნება უზრუნველყოფილი“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კარიერის გაგრძელების საუკეთესო მიმართულებად ახლა ლა ლიგას განიხილავს.