ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

რამადანამდე კიდევ ერთი ბრძოლა მსურს | მახაჩევი იან მაჩადოსთან გამარჯვების შემდეგ

UFC 330-ზე, ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში, ისლამ მახაჩევმა იან მაჩადო გარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ წონაში დაღესტნელმა მებრძოლმა ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა.

ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ რამადანამდე კიდევ ერთხელ სურს ბრძოლა, შესაძლოა ამ წლის ბოლოს ან იანვარში.

„ძმაო, რამადანამდე უნდა ვიბრძოლოთ, 100%-ით ამ წლის ბოლოს, რადგან 20-ს პლუს წლების აღარ ვარ. 34 წლის ვარ. ჩვენ კვლავ საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოში.“

ისლამ მახაჩევმა თავისი გუნდის სიძლიერესა და აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მემკვიდრეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დარბაზიდან კიდევ ბევრი ელიტური მებრძოლი გამოვა.

„ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ კვლავ საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოში. მომავალ კვირას ჩვენი სამი თანაგუნდელი მაიამიში იბრძვის. უმარი შანხაიში ჩხუბობს.“

„დარბაზში ბევრი 'მკვლელი' გვყავს, რომლებიც უყურებენ ჩვენს ბრძოლებს, თვალს ადევნებენ ჩვენს კარიერას და კვლავ ყოველდღე ვარჯიშობენ. აბდულმანაპის მემკვიდრეობა გრძელდება და იზრდება. ჩვენი დარბაზიდან კიდევ ძალიან ბევრი მებრძოლი გამოვა.“

ისლამ მახაჩევს არ მოეწონა, რომ რაუნდების დაწყებამდე გალიაში იან გარი მას ეხუტებოდა.

„ეს ბრძოლაა. ჩვენ ომში მივდივართ სახეების დასამტვრევად. მე პატივს ვცემ ჩემს ყველა მეტოქეს, მაგრამ იანი ზედმეტ პატივისცემას იჩენს.“

იან გარისთან ბრძოლის შემდეგ ისლამ მახაჩევი თავის გაბარიტებსა და ძალაზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ ქვესაშუალო წონაში უფრო დიდი და ძლიერი უნდა გახდეს.

„მეტი წონის და ძალის მომატება მჭირდება.“

ისლამ მახაჩევი ხუმრობს, რომ იან გერი მადლიერი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას უფრო დიდი ფეხები არ აქვს, მას შემდეგ, რაც ფეხით თავში დარტყმით ის ნოკდაუნში ჩააგდო.

„ბედნიერი უნდა იყოს, რომ დიდი ფეხები არ მაქვს. კარგი დარტყმა იყო. ამის შემდეგ ვცადე რამდენიმე მუშტის მორტყმა და ემოციები ვერ გავაკონტროლე.“

ამ გამარჯვებით ისლამ მახაჩევმა ანდერსონ სილვას ისტორიული რეკორდი მოხსნა, ზედიზედ მე-17 ბრძოლა მოიგო. როგორც თავად მებრძოლმა აღნიშნა, სურს, რომ მოგებათა სერია 20-მდე გაზარდოს, რადგან დარწმუნებულია, მის ამ რეკორდს ვერავინ მოხსნის.

შეგახსენებთ, რომ ისლამი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია, ქვესაშუალო დივიზიონში კი მან ქამარი კარიერაში პირველად დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები