Aa
Aa

ლივერპული VS რომა - პრესკონფერენცია

სამშაბათს სტარტს "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალური ეტაპი აიღებს, პირველი შეხვედრა ინგლისში გაიმართება, სადაც "ლივერპული" "რომას" უმასპინძლებს. იურგენ კლოპის გუნდს შანსი აქვს 2007 წლის შემდეგ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში პირველად ითამაშოს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კლოპმა ლივერპულელ გულშემატკივარს მეტოქე გუნდის პატივისცემისკენ მოუწოდა და სთხოვა "ჯალოროსისთვის" ისეთი დახვედრა არ მოეწყოთ, როგორც ეს "მანჩესტერ სიტის" ფანებმა გააკეთეს.

„მინდა ლივერპულის გულშემატკივრებს მივმართო, გუნდს სტადიონზე მხარი მაქსიმალურად დაუჭირეთ, წინა შეხვედრებზე მეტად ხმაურიანი გარემო შექმენით, მაგრამ სტადიონის გარეთ მეტოქე გუნდს პატივი ეცით. ლივერპული საოცარი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ევროპაში „ენფილდზე“ შექმნილი ფანტასტიური ატმოსფეროთი და დიდი ისტორიითაა ცნობილი. ამიტომ საჭირო არაა მეტოქე გუნდის ავტობუსს სხვადასხვა საგნები ვესროლოთ“.

„ძალიან გთხოვთ, ოპონენტს პატივი ეცით, მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ჩვენ შეგვიძლია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ რა შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს ლივერპულში და როგორი საოცარი საფეხბურთო სული ბინადრობს ამ ქალაქში.
„მერსისაიდელები“ იტალიელებთან დაპირისპირებას ტრამვების გარეშე ხვდებიან და ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ, მით უმეტეს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც აწ უკვე ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი - მოჰამედ სალაჰი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გაყიდა.

„ვფიქრობ სალაჰის ტრანსფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ფეხბურთელები გუნდებს ხშირად იცვლიან დორტმუნდში ასეთი რამ ბევრჯერ შემხვედრია და ეს სიახლე ნამდვილად არაა. თუმცა მეორეს მხრივ მოჰამედმა რომაზე სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი იცის, რაც მისთვის ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულს ხდის. დარწმუნებული ვარ იტალიელი მცველები, თავისი აგრესიული თამაშით, მოს მატჩის დასაწყისშივე აგრძობინებენ , რომ ისინი მისი თანაგუნდელები აღარ არიან. აქ გასაკვირი არაფერია, თუმცა იმედი მაქვს, რომ სალაჰი მათ პასუხს მატჩის მიმდინარეობისას ჩვეულ სტილში გასცემს".

ჩვენ საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ და ფინალში გასვლამდე ერთი გუნდის ბარიერის გადალახვაღა გვჭირდება. ნახევარფინალური ეტაპისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. საკუთარი თავის გვჯერა, მეტოქესაც პატივს ვცემთ და საერთოდ არ გვადარდებს თუ ვინმე კვლავ აუტსაიდერებად გვთვლის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ნახევარფინალში ვართ და ფინალში გასვლის რეალური შანსი გვაქვს.

არ მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს, ბევრი „სიტი“ – „ბარსელონას“ დაპირისპირებას ელოდა მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება“.

მომავალ დაპირისპირებაზე იტალიელთა თავკაცმა, ეუსებიო დიფრანჩესკომაც ისაუბრა და განაცხადა:

“ენფილდი საოცარი სტადიონია. ინგლისში შეხვედრების გამართვა ცალკე სიამოვნებაა. სამწუხაროდ იტალიაში მსგავსი რამ იშვიათობაა. ლივერპულს მხარს ათასობით გულშემატკივარი დაუჭერს, თუმცა ქომაგების გარეშე არც ჩვენ ვიქნებით. ლივერი შესანიშნავი გუნდია, რომელმაც საკუთარი სიძლიერე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ინგლისის პრემიერლიგაში დაამტკიცა. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მეტოქეზე მუდმივი ზეწოლა განვახორციელოთ. ლივერპული ბარსელონასგან განსხვავებული ტემპით თამაშობს და ჩვენ გამარჯვებისთვის საუკეთესო შეხვედრის ჩატარება გვმართებს. წარმატებისთვის აუცილებელი „ლივერის“ სისუსტეების გამოყენებაა და იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი დაკისრებულ ამოცანას კარგად შეასრულებს“.

დი ფრანჩესკოს მოჰამედ სალაჰზეც ჰკითხეს და სტროოტმანის სიტყვები გაახსენეს, რომლის მიხედვითაც იტალიელები სალაჰისთვის ისე ემზადებიან, როგორც ამას მესისთვის აკეთებდნენ.

"მოჰამედი საოცარი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ აქცენტს მოწინააღმდეგე გუნდის კონკრეტულ მოთამაშეებზე არ ვაკეთებთ. გუნდის მიზანი მათი ნებისმიერი შემტევი ფეხბურთელის განეიტრალებაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები