„ახლა ჩემგან გოლებს ელოდებიან“ - ეგოიანმა ახალ პოზიციაზე თამაში შეაფასა
ნიდერლანდური „ექსელსიორის“ ფეხბურთელმა, ირაკლი ეგოიანმა „კამბურთან“ მატჩის შემდეგ ESPN-თან ახალ პოზიციაზე თამაშის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
„მწვრთნელმა ნდობა გარემარბის პოზიციაზე გამომიცხადა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გავაკეთე.
შემტევის საქმე გოლების გატანაა, ამიტომ ახლა ჩემგან ამას ელოდებიან. შესაძლოა, ამის გამო ნახევარდაცვაში თამაში უფრო სასიამოვნო იყოს, იმიტომ რომ ნახევარმცველისთვის გოლი ერთგვარი ბონუსია“.
ეგოიანზე მცირე კომენტარი „ექსელსიორის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ დენ უილმაც გააკეთა: „ამ ბიჭს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა“.
ცნობისთვის, „ექსელსიორმა“ „კამბურს“ 4:0 მოუგო, ეგოიანი კი გუნდს გოლითა და ასისტით დაეხმარა. რაც შეეხება ირაკლის სტატისტიკას, ეგოიანი ბურთს 52-ჯერ შეეხო, 29-დან 25 ზუსტი გადაცემა შეასრულა, 1 დრიბლინგი ჰქონდა, 4 საკვანძო პასი მიითვალა და Sofascore-მა მისი თამაში 8.8 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.