რაიო ვალეკანო
Aa
Aa

სიბინძურე, დაავადების გავრცელების რისკი - რაიო ვალეკანომ სტადიონი დაკარგა

„რაიო ვალეკანოს“ საკუთარ სტადიონზე მატჩების გამართვა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა. სეზონის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა „ესტადიო დე ვალეკასმა“ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემების გამო ლიცენზია დაკარგა.

„რაიო“ სტადიონს მადრიდის რეგიონული მთავრობისგან ქირაობს, თუმცა ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რის გამოც არენაზე შეხვედრების მასპინძლობა შეჩერდა.

რეგიონული მთავრობის ანგარიშის მიხედვით, სტადიონზე დაგროვებული ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები ქმნის ლეგიონერების დაავადების გავრცელებისა და ხანძრის გაჩენის საფრთხეს. გარდა ამისა, აღმოჩენილია ელექტროსისტემის გაუმართაობაც.

ლეგიონერების დაავადება ფილტვების მძიმე ინფექციაა, რომელიც ბაქტერიებით დაბინძურებული წყლის წვეთების შესუნთქვის შედეგად ვითარდება.

ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებიც სააგენტო Reuters-მაც დაადასტურა, ჩანს, რომ სტადიონის დერეფნებსა და სასადილო სივრცეში ნაგვის ტომრები და სხვადასხვა ნარჩენებია თავმოყრილი.

მადრიდის რეგიონის სპორტის, კულტურისა და ტურიზმის ხელმძღვანელმა, მარიანო დე პაკომ, განაცხადა, რომ კლუბმა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები არ ჩაატარა და არც წყლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა.

„ვცდილობდით, ეს საკითხი მოგვეგვარებინა, მაგრამ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. დადასტურებულია, რომ სტადიონს სათანადო მოვლა არ უტარდებოდა.

კლუბი მოთხოვნებს არ ასრულებდა, ამიტომ ხელისუფლებას რეაგირება მოუწია. მომხდარი სრულიად მიუღებელია,“ — განაცხადა დე პაკომ.

მისი თქმით, სტადიონის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და სავარაუდოდ, ორიდან ექვს თვემდე გაგრძელდება.

დე პაკომ ასევე აღნიშნა, რომ „რაიოს“ პრეზიდენტ რაულ მარტინ პრესასთან დაკავშირება ვერ შეძლო. კლუბის გულშემატკივრები და ფეხბურთელები მას უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ ინფრასტრუქტურის მოუვლელობისა და კლუბის მოდერნიზებაზე უარის გამო.

გასულ სეზონში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „რაიოს“ ფეხბურთელების წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ „ვალეკასის“ მოედანი „სათამაშოდ უვარგისი“ იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გასახდელებში ცხელი წყალი არ იყო და სტადიონზე დასუფთავების სამუშაოებიც არასაკმარისად ტარდებოდა.

გასულ სეზონში გუნდმა ვარჯიშებიც ვერ დაიწყო საკუთარ ბაზაზე, რადგან იქ ობი იყო გავრცელებული. მიუხედავად ამისა, „რაიომ“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალამდე მიაღწია, სადაც „კრისტალ პალასთან“ 0:1 დამარცხდა.

კლუბის ინფრასტრუქტურული პრობლემები ბილეთების გაყიდვასაც ეხება. „რაიო“ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ონლაინ ბილეთების გაყიდვის სისტემა არ აქვს, რის გამოც გულშემატკივრებს სტადიონის სალაროებთან საათობით რიგში დგომა უწევთ.

გასულ თვეს მადრიდის რეგიონულმა მთავრობამ სტადიონის ორწლიანი რეკონსტრუქციის გეგმა წარადგინა, რომელიც ახალი ტრიბუნის აშენებასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ არენის ტევადობა 18 500 მაყურებლამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში „რაიოს“ „ატლეტიკო მადრიდთან“ საშინაო მატჩის გამართვა „ლეგანესის“ სტადიონზე მოუწია, რადგან „ვალეკასის“ მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო.

გასულ კვირას კლუბმა სეზონური აბონემენტების განახლების კამპანია დაიწყო და ზრდასრულებისთვის ფასები საშუალოდ 15 პროცენტით გაზარდა.

ამავე დროს, აბონემენტების პირობებში უკვე შეტანილია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ „ვალეკასზე“ მატჩების ჩატარება ვერ მოხერხდება, აბონემენტების მფლობელები ალტერნატიულ სტადიონზე მაქსიმალურად ანალოგიურ ადგილებს მიიღებენ.

„რაიო ვალეკანოს“ პირველი საშინაო შეხვედრა ახალ სეზონში 20 აგვისტოს, „ალავესის“ წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, სად ჩატარდება ეს მატჩი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები