წლიურად 10 მილიონს სთავაზობენ, პეპს 20 სურს - შესაძლოა მოლაპარაკებები ჩაიშალოს
პეპ გუარდიოლა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ხელფასზე ვერ თანხმდებიან.
რამდენიმე დღის წინ ფედერაციის ხელმძღვანელმა, ჯოვანი მალაგომ დაადასტურა მოლაპარაკებები გუარდიოლასთან იტალიის ნაკრებში მუშაობის თაობაზე და მიანიშნა, რომ ესპანელის გამო FIGC სერიოზული ხარჯებისთვის მზად არის.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფედერაცია მზადაა პეპს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი დაახლოებით ორჯერ მეტ ხელფასს ითხოვს. მოლაპარაკებებზე ასევე მოქმედებს გუარდიოლას სურვილი, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან.
აღინიშნება, რომ ნაკლებად სავარაუდოა პეპმა იტალიელთა შეთავაზება მიიღოს, რადგან მას ჯერ კიდევ ცოტა ხნით დასვენება სურს. და თუ რაიმე რადიკალური ცვლილება არ იქნა, გუარდიოლა მინიმუმ 1 წლით დაისვენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის სერია A-ს კლუბების უმრავლესობა უპირატესობას ანტონიო კონტეს ანიჭებს. ასევე, გუარდიოლასთან მოლაპარაკებებში მარცხის შემთხვევაში, ფედერაცია შესაძლოა ანდრეა პირლოსა და რობერტო მანჩინის კანდიდატურებს დაუბრუნდეს.