ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი მსაჯობა არ შეიძლება | დემჩენკოს შეფასება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია'' შინ „სლოვანთან'' 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისაუბრა:
"უპირველესად ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ... ფეხბურთელები როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად საკმაოდ კარგად, ორგანიზებულად თამაშობენ. ამის მიუხედავად, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს იმისი რესურსი, რომ ასეთ გუნდსაც თანაბრად ვეთამაშოთ, მოვუგოთ კიდეც.
„სლოვანის'' პირველი გოლი უნდა გაეუქმებინათ, რადგან მეკარეს ბლოკავდნენ. მეორე გოლისას შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ.
თამაშის შემდეგ ფეხბურთელს (ნიკა სიხარულაშვილს გულისხმობს) გავესაუბრე და მითხრა, რომ სუფთა პენალტი იყო. თუ ეს მართლა ასეაა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასეთი მსაჯობაა და ასეთ უხეშ შეცდომებს უშვებენ.
მეორე მომენტსაც შეგახსენებთ, როდესაც პირველ ტაიმში მსაჯმა არასწორი პოზიცია დაიჭირა მოედანზე და ხელი შეუშალა სტანდარტის გათამაშებას, რომელზეც ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობდით.
ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, უკვე სულ სხვანაირი განწყობა იქნებოდა მეორე თამაშისთვის, უფრო ოპტიმისტურად ვიქნებოდით განწყობილი. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი შეცდომებია და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამგვარი მსაჯობა ასეთ დონეზე.“
საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება. თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.