კილიან მბაპე, ბუკაიო საკა, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

10-გოლიანი ზღაპრული მატჩი - ინგლისმა საფრანგეთი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩი საოცრად სანახაობრივი გამოდგა. ერთმანეთს საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდნენ და ამ უკანასკნელმა 6:4 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი ინგლისის დომინირებით წარიმართა. სამმა ლომმა მამლებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და შესვენებაზე, ტაბლოზე 4:0 დაფიქსირდა. ტუხელის გუნდის მხრიდან გოლები დეკლან რაისმა, კონსამ და საკამ გაიტანა. არსენალის შემტევმა პირველ ნახევარში დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში დეშამის გუნდი გარდაიქმნა და ტერიტორიულ უპირატესობას მთლიანად დაეუფლა.

48-ე წუთზე კილიან მბაპემ სხვაობა შეამცირა. საგოლე პასი მას მაიკლ ოლისემ გაუკეთა, რომელმაც პელეს რეკორდი გაიმეორა. იგულისხმება მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ტურნირზე გაკეთებული საგოლე გადაცემების რაოდენობა - 6.

54-ე წუთზე თავი ბარკოლამ გამოიჩინა. 66-ე წუთზე კი მბაპემ ოლისეს პასი გამოიყენა, დუბლი შეასრულა და ორი რეკორდი დამყარდა.

კილიან მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ამ მომენტისთვის, 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ოლისემ კი მიმდინარე მუნდიალზე მე-7 საგოლე პასი მიითვალა და პელეს რეკორდი გააუმჯობესა.

საფრანგეთი აქტიურობას აგრძელებდა და ოლისეს გოლების გატანის კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმები კარს ასცდა. ერთ-ერთი კონტრ-შეტევის დროს, სპენსმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ბუკაიო საკამ ზუსტად შეასრულა, ჰეთ-თრიკი მიითვალა და ინგლისს უპირატესობა განუმტკიცა.

მამლებმა გაიბრძოლეს და უსმან დემბელემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში ფრანგებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს - პირიქით, ჯუდ ბელინგემმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა - 6:4. 

ინგლისმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. შეგახსენებთ, რომ ტუხელის გუნდი ნახევარფინალში არგენტინასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო საფრანგეთი ესპანეთთან 0:2.

ცნობისთვის, ფინალში ლიონელ მესის ექნება შანსი, რომ კილიან მბაპეს დაეწიყოს და მუნდიალის ისტორიაში თანაბომბარდირი გახდეს. ამისთვის მას 1 გოლი სჭირდება. დუბლის შემთხვევაში ის 23-ე გოლს გაიტანს და კილიანის შედეგს გააუმჯობესებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ყველაფერს შრომით მივაღწიეთ“ - მესი ფინალის წინ
“ყველაფერს შრომით მივაღწიეთ“ - მესი ფინალის წინ