“არ მგონია, იგივე ესპანეთი ნახოთ, რაც წინა მატჩებში“ - როდრი ფინალის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფურია როხას ნახევარდაცვის ლიდერმა როდრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როდრი:
„ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაშისთვის განსაკუთრებულად უნდა მოემზადო. მას (მესის) სრულად ვერ გააჩერებ. მთავარია, გუნდურად ვიმუშაოთ და მისთვის სივრცეები შევზღუდოთ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებული მატჩია. ასეთ მომენტებზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. არგენტინას ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს. ისინი ბოლომდე იბრძვიან და ამას პატივს ვცემთ.
ფინალში შიშით ვერ გახვალ. ასეთ მატჩებში გამარჯვების სურვილი შიშზე ძლიერი უნდა იყოს. თუ ზედმეტად ფრთხილად ითამაშებ, საკუთარი ფეხბურთის ჩვენებას ვეღარ შეძლებ. ამ გუნდმა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა. მოვიგეთ ერთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და ახლა ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით ამდენი წლის განმავლობაში.
არ მგონია, იგივე ესპანეთი ნახოთ, რაც წინა მატჩებში. ფინალი ყოველთვის განსხვავებულია. ეს უფრო მძიმე, უფრო ფიზიკური და უფრო დაძაბული თამაში იქნება. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სტილში თამაში. თუ საჭირო გახდება, თავს დავიცავთ. თუ საჭირო გახდება, კონტრშეტევებზე ვითამაშებთ. თუ საჭირო გახდება, ბურთსაც გავაკონტროლებთ. ვფიქრობ, სწორედ ეს გვაქცევს სრულყოფილ გუნდად.
არ ვაპირებ ვთქვა, რა არის ჩვენი სისუსტე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძლიერი გუნდი გვყავს. დაცვაშიც კარგად ვთამაშობთ, შეტევაშიც და ერთმანეთისთვის ვიბრძვით. აქ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვართ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ტანჯვის გარეშე შეიძლება, ცდება. მთელი ტურნირის განმავლობაში რთული გზით მოვედით და ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა პლეი-ოფში ავსტრია, პორტუგალია, ბელგია და საფრანგეთი დაამარცხა. არგენტინამ კი კაბო-ვერდე, ეგვიპტე, შვეიცარია და ინგლისი. ფინალური დაპირისპირება 19 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.