ინფანტინო ფეხბურთს საფრთხეს უქმნის | კონგოს მწვრთნელის მწვავე შეფასება
Aa
Aa

ინფანტინო ფეხბურთს საფრთხეს უქმნის | კონგოს მწვრთნელის მწვავე შეფასება

კონგოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლოდ ლე რუამ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მწვავედ გააკრიტიკა და იგი ფეხბურთის განვითარებაზე წინ პირადი ინტერესების დაყენებაში დაადანაშაულა.

ვეტერანმა ფრანგმა სპეციალისტმა, რომელსაც არაერთი აფრიკული ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია, იმედგაცრუება გამოხატა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებული სკანდალების გამო და ეჭვქვეშ დააყენა ფიფას ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მცველის, ბალოგუნის წითელი ბარათის გაუქმება.

ლე რუამ ასევე გააკრიტიკა ინფანტინოს დამოკიდებულება აფრიკულ ფეხბურთთან და აღნიშნა, რომ ფიფას პრეზიდენტი თავს ამ კონტინენტის „მხსნელად“ ასაღებს.

„საქმე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება, არამედ აფრიკის ერთა თასსა და მის ურთიერთობას აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან. მას საკუთარი თავი აფრიკის მხსნელად წარმოუდგენია, მსგავს რამეს ის ერთი წამითაც კი ვერ გაბედავდა ევროპის ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე ან აზიის თასზე“, — განუცხადა ლე რუამ ფრანგულ გაზეთ L'Équipe-ს.

ყოფილმა მწვრთნელმა დასძინა, რომ ინფანტინო ზედმეტად დიდ გავლენას ახდენს აფრიკული ფეხბურთის ლიდერებზე და იგი კონტინენტის ხმების ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

„ის მოდის და სათავეში ჯდება, თავად ეუბნება სახელმწიფოს მეთაურს: ’მოდი, აქ დაჯექიო’, და თავადვე არიგებს ყველა მედალს“, — დასძინა მან.

„ის ბოროტად იყენებს აფრიკის მრავალი ფედერაციის პრეზიდენტის სიხარბესა და ანგარებას, რადგან იცის, რომ მომავალ არჩევნებზე იქ 54 ხმაა. ის ამით სარგებლობს. მას არხეინად არ ადარდებს კონტინენტისთვის აუცილებელი განვითარებისა და პროგრესის მიღწევა“.

ლე რუამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის, არსენ ვენგერის დუმილი ინფანტინოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით: „მაინტერესებს, როგორია არსენ ვენგერის, ფიფას მთავარი ტექნიკური დირექტორის აზრი ჯანი ინფანტინოს ყველა იმ ქმედებაზე, რაც მან დონალდ ტრამპის მიწვევის საპასუხოდ განახორციელა“.

77 წლის მწვრთნელი კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოხატა თავისი იმედგაცრუება ფეხბურთის მართვის თანამედროვე მდგომარეობისა და ინფანტინოს ხელმძღვანელობის გამო: „შეძრწუნებული ვარ იმ იმიჯით, რასაც პროფესიონალური ფეხბურთი დღეს ასახავს. შეშფოთებული ვარ, რომ ეს ადამიანი კვლავ ფიფას სათავეშია. არ მესმის, როგორ შეგვიძლია შევეგუოთ იმას, რომ მომავალ არჩევნებზე ის თითქმის ერთადერთი კანდიდატია“.

ლე რუამ აღიარა ინფანტინოს უნარი, ისაუბროს რამდენიმე ენაზე, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა მისი გავლენა სპორტზე.

„მას აქვს ერთი უპირატესობა — ბევრი ენის ფლობა, მაგრამ ის უგუნური ლინგვისტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ფეხბურთს. მას საერთოდ არაფერი პოზიტიური არ შეუქმნია, პირიქით, ეს სპორტი ყველას თვალში საზარელ სანახაობად აქცია“.

მან საუბარი დაასრულა ფეხბურთის მიმართ საზოგადოებრივი აღქმის გამო შეშფოთებით და აღნიშნა, რომ სპორტის იმიჯი მიმდინარე სკანდალებმა დააზიანა.

„როდესაც დღეს ქუჩაში ან მეგობრებში ფეხბურთზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საეჭვო გარიგებებია. ბარათის გაყიდვა ისე შეგიძლიათ, როგორც გსურთ, საკმარისია მხოლოდ ერთი ზარი. შეძრწუნებული ვარ იმ იმიჯით, რომელსაც ფეხბურთი ამჟამად უჩვენებს მსოფლიოს“.

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პირველმა პირმა ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე ისაუბრა და ახსნა-განმარტება გააკეთა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები