ტიბო კურტუა, რუდი გარსია
Aa
Aa

თუ ჩემი ბავშვი ესპანეთს უქომაგებს, სახლში არ შევუშვებ | კურტუა ამერიკასთან გამარჯვების შემდეგ

2026 წლის მუნდიალის მერვედფინალში აშშ ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. მე-9 წუთზე დე კეტელარემ ბელგია დააწინაურა, 31-ე წუთზე მალიკ ტილმანმა ანგარიში გაათანაბრა, 33-ე წუთზე დე კეტელარემ დუბლი შეასრულა. 57-ე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე ჰანს ვანაკენმა გაზარდა, მესამე დამატებულ წუთზე ლუკაკუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბელგიაში დილის ოთხი საათია, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც არ სძინავს და მხარს გვიჭერს,“ — ასეთი იყო რუდი გარსიას პირველი კომენტარი ოფიციალურ მაუწყებელთან საუბრისას. „დღეს შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ფეხბურთელებით.“

„დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბელგია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩინებულად ვითამაშეთ და ზუსტად მივყვებოდით მატჩის გეგმას. ამ შეხვედრაში ერთადერთი გულდასაწყვეტი ფაქტი ონანას ტრავმაა. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სერიოზულია.“

ტიბო კურტუამ მატჩის შემდეგ „ბოლო დღეებში პატივისცემის ნაკლებობაზე“ ისაუბრა. „რადგან გვეუბნებოდნენ, რომ ის გუნდი აღარ ვართ,“ — განუცხადა მან Sporza-ს. ეს იყო მინიშნება ისეთ კრიტიკულად განწყობილ ამერიკელ ანალიტიკოსებზე, როგორიც კლინტ დემპსია.

მიმდინარე წლის მარტში აშშ ამხანაგურ მატჩში ბელგიასთან 2:5 დამარცხდა. კურტუამ აღნიშნული მატჩიც გაიხსენა.

„მათ ეგონათ, რომ უფრო მარტივად მოიგებდნენ. ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგი გუნდი ვართ. ეგვიპტისა და ირანის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების შედარება ამ შეხვედრასთან ძალიან რთულია. თავიდანვე წნეხში მოვაქციეთ ისინი და მომენტები შევქმენით. ის 2:5 მუდმივად გონებაში გვქონდა. იმ გოლის (იგულისხმება ტილმანის გოლი ) შემდეგ მათ შანსები აღარ ჰქონდათ, ბალოგუნის ერთი მომენტის გარდა.“

კურტუამ ასევე აღნიშნა, რომ ბალოგუნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ყურადღებას არ აქცევდა: „ამ ყველაფერს ვკითხულობ და უბრალოდ მეცინება. გამარჯვებაში ახლა უფრო მეტად ვიყავი დარწმუნებული, ვიდრე სენეგალთან მატჩის წინ, რადგან სენეგალი აშშ-ზე უკეთესი გუნდია.“

„წითელი ეშმაკების“ შემდეგი მეტოქე ესპანეთია: „ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ჩემი ვაჟი ნებისმიერ შემთხვევაში ბელგიას უგულშემატკივრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახლში აღარ შევუშვებ. ყველაფერი, რასაც ამიერიდან მივაღწევთ, მხოლოდ სასიამოვნო ბონუსი იქნება.“

მეოთხედფინალში ესპანეთისა და ბელგიის მატჩი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები