ალფარო: “პარაგვაიმ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერებთან შეუძლია კონკურენცია“
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგ მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ფილადელფიაში პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარაგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო ალფარომ კომენტარი გააკეთა.
ალფარო:
„არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჯერ კიდევ ვერ გადავხედე ეპიზოდს. ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა და VAR-მა ჩათვალა, რომ პენალტი იყო. მოგვიანებით უფრო მშვიდად გავაანალიზებთ.
გულში ჭრილობები რჩება, მაგრამ პრეტენზიები არა. ასეთია ფეხბურთი. ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და ამიტომ შინაგანი სიმშვიდე მაქვს. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ.
ჯერ გერმანია გამოვთიშეთ, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშეთ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ყველაზე ძლიერებთან კონკურენცია. ახლა ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ. ემოციურად ძალიან მძიმე დღეა. დრო მჭირდება, რომ დავფიქრდე, რა იქნება შემდეგ.“
შეგახსენებთ, რომ თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. მე-60 წუთზე დიდიე დეშამმა მოედანზე დეზირე დუე შეიყვანა, პსჟ-ს შემტევმა კი რამდენიმე წუთში პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად კილიან მბაპემ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და საფრანგეთმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
კილიან მბაპე ამ გოლით ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის გაუთანაბრდა. ფრანგ და არგენტინელ შემტევებს ამ მუნდიალზე 7-7 გოლი აქვთ გატანილი.
1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში კანადას 3:0 მოუგო.