„ვარსკვლავი გულშემატკივრებს სჭირდებათ, ნაკრებს კი არა“ - ანჩელოტი ვინისიუსზე
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის მთავარი ვარსკვლავის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
– ნეიმარს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ეთამაშა, ნაკრების მთავარი ვარსკვლავი სწორედ ის იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მთავარი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი გახდა. ეთანხმებით ამას?
– ვინისიუს ჟუნიორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
– ნეიმარის წასვლის შემდეგ, სწორედ ის გახდა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი?
– ვარსკვლავი გულშემატკივრებს სჭირდებათ. ნაკრებს ვარსკვლავი არ სჭირდება. ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებსაც გუნდის დახმარება შეუძლიათ.
– როდესაც ვინისიუსს მოედანს მიღმა პრობლემები შეექმნა, თქვენ თქვით, რომ მისი არც მამა ხართ და არც ძმა. თუმცა, იმის დანახვისას, თუ რა სითბოთი ეპყრობით მას და სხვა ფეხბურთელებს, გვიჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა მწვრთნელს, თავი აარიდოს ასეთ, თითქმის მამა-შვილურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ?
– არსებობს მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დამოკიდებულება და არსებობს ადამიანური ურთიერთობები. ეს ორი სხვადასხვა რამ არის, რომლებსაც ერთდროულად არსებობა შეუძლიათ. მასთან შეიძლება პირადი ურთიერთობა მქონდეს – და ეს ნამდვილადაც ასეა. ის მომწონს როგორც ადამიანი, მისი ხასიათი ჩემში სიმპათიას იწვევს. ვინისიუსის წარმატების მთავარი საიდუმლო მისი თავმდაბლობისა და განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭის შერწყმაა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვინისიუს ჟუნიორი 3 გოლით ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. „სელესაო“ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. 1/8 ფინალური დაპირისპირება საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.