ყველაზე ასაკოვანი, ვინც მუნდიალის ფლეი-ოფში გაიტანა | OPTA-ს ცნობები რონალდუზე
2026 წლის მუნდიალის 1/16-ფინალში პორტუგალიამ დრამატულ მატჩში ხორვატიას 2:1 მოუგო. 53-ე წუთზე 37 წლის ივან პერიშიჩმა ხორვატიის ნაკრები დააწინაურა, 68-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მე-4 დამატებულ წუთზე რაფაელ ლეაუას საგოლე პასით გონსალუ რამუშმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება (6 ივლისი, 23:00).
61-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:1 იყო, რონალდუმ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, ბურთი მიიღო და მეკარესთან ერთი-ერთზე მყოფმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ასევე, VAR-ზე გადამოწმებით ხორვატთა ორი გოლი გაუქმდა, 81-ე წუთზე - სუშიჩის, მე-12 დამატებულ წუთზე - გვარდიოლის.
OPTA-ს სტატისტიკური ცნობები
FIFA-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.
41 წლის და 147 დღის ასაკში რონალდუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც მუნდიალის ფლეი-ოფში ითამაშა და ასევე, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალის ფლეი-ოფში გოლი გაიტანა.
კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს, მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო, როცა პენალტი გაიტანა.
რონალდუმ კარიერაში მუნდიალზე ფლეი-ოფში მეცხრე მატჩი ჩაატარა და გოლი პირველად გაიტანა.
ეს იყო ლუკა მოდრიჩის 39-ე მატჩი დიდ სანაკრებო ტურნირებზე (23 მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 ევროპის ჩემპიონატზე). ევროპელ მინდვრის მოთამაშეებს შორის მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ ჩაატარა (56).
Whoscored-ის მონაცემებით, ხორვატიასთან მატჩში რონალდუმ კარისკენ ორჯერ დაარტყა, ბურთს 25-ჯერ შეეხო, ერთხელ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და 22-დან 21 ზუსტი გადაცემა შეასრულა (95%).
რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე 26-ე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 11 გოლი და 2 საგოლე პასია. 11-დან 3 გოლი პენალტიდან გაიტანა.
მიმდინარე მუნდიალზე 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ჯგუფურ ეტაპზე უზბეკეთთან დუბლი შეასრულა.
პორტუგალია - ესპანეთის მეოთხედფინალური დაპირისპირება 6 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.