შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხით არა | ხეჩიკაშვილი საკადრო ცვლილებებზე
Aa
Aa

შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხით არა | ხეჩიკაშვილი საკადრო ცვლილებებზე

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერის, იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სუპერთასზე ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის წინ კლუბში გატარებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „შედეგით, პირველ ადგილზე ვართ და რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ, თუმცა ხარისხი არ არის... შესაბამისი არ იყო და ამიტომაც მოგვიწია იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც განვახორციელეთ. იმედია, შედეგი იგივე იქნება სეზონის ბოლოს, მაგრამ ხარისხი უკეთესი

გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ ტრანსფერებთან დაკავშირებით... ჩართულია მენეჯმენტი, სპორტული დირექტორი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს, ლევან სილაგაძის სახით, და სკაუტებიც არიან, სამწვრთნელო შტაბი... და ის ფეხბურთელები, რომელიც მოვიყვანეთ, ვფიქრობთ, რომ გააძლიერებს გუნდს. უბრალოდ, გარკვეული დრო სჭირდებათ. სამწუხაროდ, სეზონის წინ დაშვებულ იქნა გარკვეული შეცდომები, ალბათ ნუ ყველა გუნდს თან ახლავს ეს, აბსოლუტური სიზუსტით ყველაზე დიდი გუნდებიც კი ვერ აკომპლექტებენ გუნდს, და მოგვიწია რამოდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობება. მათ მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაძლიერების პროცესი კიდევ გაგრძელდება და შეძლებისდაგვარად ვეცდებით, რომ კიდევ უფრო ძლიერები შევხვდეთ ევროპულ ასპარეზს და სეზონის დარჩენილ პერიოდს.“

შედეგების გათვალისწინებით გუგა ნერგაძის იბერიაში მუშაობა წარმატებული იყო, იბერია გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ნერგაძის წასვლის მომენტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 17 ტურის შემდეგ იბერია 31 ქულით ლიდერობდა. გუგა ნერგაძე ანდრეი დემჩენკომ შეცვალა.

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ელდარ კულიევისა და ანდრეი სანტოსის დამატება, თუმცა ორივე მათგანი უთამაშებელია (ვრცლად).

გუნდს ამპლუით ფორვარდი შეიკნე სილა უბრუნდება. გურამ გოშთელიანი და თორნიკე ახვლედიანი იბერიაში აღარ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები