„ინტენსივობის დონე დავაგდეთ“ | რა თქვეს ბიელსამ და ბუბიშტამ მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხა, ურუგვაიმ კი ქულები დაკარგა და კაბო-ვერდეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და „ლურჯმა ზვიგენებმა“ მუნდიალზე თავიანთი სადებიუტო გოლიც გაიტანეს.
შეხვედრის შემდეგ კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა, პედრუ ლეიტან ბრიტუმ, იგივე ბუბიშტამ, საკუთარი ბიჭების გამოსვლაზე ისაუბრა: „მინდა, გუნდსა და ჩვენს ხალხს მივულოცო იმის გამო, თუ როგორ ვითამაშეთ. ჩვენ ეს მთელი გულით გავაკეთეთ. შეხვედრა მძიმე ვითარებაში დავასრულეთ და ფეხბურთელებს კრუნჩხვები აწუხებდათ.
მიუხედავად ამისა, მთელი თამაშის განმავლობაში გაბედულად ვმოქმედებდით, გამარჯვებაზე ვიყავით ორიენტირებულები და ეს ძალიან ბედნიერებს გვხდის. თითოეული ჩვენი ფეხბურთელის გვჯერა. როტაციას მუდმივად მივმართავთ, გუნდი კი მატჩებს მაინც მოგების წყურვილითა და ორგანიზებულობით უდგება. იმით, რასაც დღეს მივაღწიეთ, კმაყოფილები უნდა ვიყოთ“.
მატჩზე კომენტარი „ლა სელესტეს“ თავკაცმა, მარსელო ბიელსამაც, გააკეთა: „როდესაც დაცვაში კარგად ვთამაშობდით, ანგარიშში დავწინაურდით. როგორც კი კონტროლი დავკარგეთ, უპირატესობა გაქრა. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენი ინტენსივობის დონე დაეცა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო“.
ცნობისთვის, ურუგვაის ორი ქულა აქვს, ბოლო ტურში ესპანეთს ხვდება და პლეი-ოფში გასასვლელად ურთულესი ამოცანის შესრულება მოუწევს. „ლა სელესტესა“ და „ლა როხას“ დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება.