უზბეკეთის ისტორიული გოლი მსოფლიოზე | კოლუმბიამ გამარჯვებით დაიწყო
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური კოლუმბიისა და უზბეკეთის ნაკრებების მატჩით დაიხურა. „ლოს კაფეტეროსმა“ მუნდიალი გამარჯვებით დაიწყო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
მატჩის პირველ ტაიმში კოლუმბია უდიდეს უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე ლუის დიასის კარგ პასს დანიელ მუნიოსის გოლი მოჰყვა. საწყის 45 წუთში უზბეკეთმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც არაზუსტად და ბურთის ფლობის 28-პროცენტიანი მაჩვენებელი დააფიქსირა.
მეორე ნახევარში ისტორია დაიწერა. მე-60 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა უზბეკეთმა მუნდიალზე ისტორიული, თავისთვის პირველი გოლი გაიტანა. ფაბიო კანავაროს გუნდის რიგებში აბოსბეკ ფაიზულაევი გამოირჩა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1.
„ლოს კაფეტეროსმა“ უპირატესობა მალევე დაიბრუნა. 65-ე წუთზე დიასმა ასისტის შემდეგ გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა — 2:1.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე დაფიქსირდა. შესვლაზე შესულმა ხამინტონ კამპასმა უზბეკთა კარი თავური დარტყმით აიღო და „ლოს კაფეტეროსს“ გამარჯვება გაუნაღდა — 3:1. ბოლო წამებზე უზბეკეთს ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, მაგრამ კოლუმბიელები ხარიხამ გადაარჩინა.
ცნობისთვის, კოლუმბიამ სამი ქულა აიღო და K ჯგუფში გალიდერდა. „ლოს კაფეტეროსის“ მომდევნო მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელსაც 24 ივნისს დაუპირისპირდება.