ვაისი შეცვალა - იაია ტურე მწვრთნელობას იწყებს
კოტ დ'ივუარის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იაია ტურემ მწვრთნელობა დაიწყო და მისი პირველი სამუშაო ადგილი ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობია - 43 წლის სპეციალისტმა „სლოვანის“ დამრიგებლის პოსტზე ვლადიმირ ვაისი შეცვალა. ბრატისლავის კლუბის ხელმძღვანელებმა აფრიკელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტურე ცოტა ხნის განმავლობაში „ტოტენჰემის“ აკადემიაში მუშაობდა, რასაც „ოლიმპიკში“, „ახმატსა“ და „სტანდარტში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე ყოფნა მოჰყვა, ხოლო ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრებში რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. რაც შეეხება გუნდიდან წასულ ვაისს, ის სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდა.
დასანანია, რომ გურამ კაშიას ბრატისლაველებთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რადგან დარჩენის შემთხვევაში მას კიდევ ერთი სახელოვანი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოუწევდა ასპარეზობა.