ტომას პარტეი კანადაში არ შეუშვეს
კანადის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ტომას პარტეი თავის ქვეყანაში არ შეუშვას.
„არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველი, რომელსაც ინგლისში გაუპატიურებაში ედება ბრალი, განას ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშია შეყვანილი. აფრიკული გუნდი 18 ივნისს, ტორონტოში პანამას შეხვდება.
როგორც The Athletic-ი იტყობინება, რომ პარტის ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა:
„ფიფა არ ერევა მასპინძელი ქვეყნების საიმიგრაციო პროცესებში, მათ შორის სავიზო საკითხების განხილვაში. ისევე, როგორც ფიფას წინა ღონისძიებების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს ვიზას და ვის დაუშვებენ ქვეყანაში, მასპინძელი ქვეყნის მთავრობა იღებს“.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გამოძიება 2022 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და გამოძიების პერიოდში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
2025 წლის ზაფხულში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პარტეიმ ლონდონური კლუბი დატოვა. რამდენიმე დღეში მას ოფიციალურად წაუყენეს ხუთი გაუპატიურებისა და ერთი სექსუალური ძალადობის ბრალდება, რომლებიც სამ ქალს უკავშირდებოდა. მოგვიანებით კიდევ ორი გაუპატიურების ბრალდება დაემატა, რომელიც მეოთხე ქალის საქმეს ეხება.
2025 წლის აგვისტოში „ვილიარეალმა“ განელი ფეხბურთელი ორწლიანი კონტრაქტით დაიმატა. კლუბმა მაშინ განაცხადა, რომ პატივს სცემს უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.