7 გაუპატიურების ბრალდების მიუხედავად - ტომას პარტეი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ტომას პარტეი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფეხბურთელად იქცა. განის ნაკრების ვიცე-კაპიტანი სერიოზული სისხლის სამართლის ბრალდებების მიუხედავად, მსოფლიოს პირველობაზე ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩში უელსის წინააღმდეგ, რომელიც Cardiff City Stadium-ზე გაიმართა, პარტეის ბურთთან ყოველი შეხება გულშემატკივართა სტვენას და შეძახილებს იწვევდა..
32 წლის ნახევარმცველს ბრიტანეთში შვიდი გაუპატიურებისა და ერთი სექსუალური ძალადობის ბრალდება აქვს წაყენებული. სასამართლო პროცესი თავდაპირველად ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, 2027 წლის დასაწყისამდე გადაიდება.
თავად ფეხბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატის, განცხადებით, პარტეი სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის დამტკციებას თავისუფლად შეძლებს.
მიუხედავად ამისა, განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა ტომასი 26-კაციან განაცხადში მაინც შეიყვანა.
„პასუხი ძალიან მარტივია. სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ყველა საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს.
სამწუხაროდ, სოციალური ქსელები და მედია ხშირად ადამიანებს მანამდე ასამართლებენ, სანამ მათ თავის დაცვის შესაძლებლობა მიეცემათ,“ — განაცხადა კეირუშმა
საქმეს განსაკუთრებული ყურადღება 23 ივნისს მიექცევა, როდესაც განა ინგლისს დაუპირისპირდება. პარტეიმ ინგლისში ხუთი წელი გაატარა და ყველაზე კარგად თავი არსენალში წარმოაჩინა.
პოლიციამ გამოძიება 2022 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა და გამოძიების პერიოდში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
2025 წლის ზაფხულში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, პარტეიმ ლონდონური კლუბი დატოვა. რამდენიმე დღეში მას ოფიციალურად წაუყენეს ხუთი გაუპატიურებისა და ერთი სექსუალური ძალადობის ბრალდება, რომლებიც სამ ქალს უკავშირდებოდა. მოგვიანებით კიდევ ორი გაუპატიურების ბრალდება დაემატა, რომელიც მეოთხე ქალის საქმეს ეხება.
2025 წლის აგვისტოში ვილიარეალმა განელი ფეხბურთელი ორწლიანი კონტრაქტით დაიმატა. კლუბმა მაშინ განაცხადა, რომ პატივს სცემს უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.
მიმდინარე სეზონში ტომასმა „ვილიარეალის“ მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, თუმცა თითქმის ყველა სტადიონზე მტრული დახვედრა მიიღო. განსაკუთრებით ხმაურიანი იყო მისი დაბრუნება ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ტოტენჰემთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტრიბუნებიდან სკანდირებდნენ: „Thomas Partey, we know what you are.“(ტომას, ვიცით, რაც ხარ).
მიუხედავად მიმდინარე სასამართლო პროცესისა და საზოგადოებრივი კრიტიკისა, ტომას პარტეი განის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად რჩება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.