მსოფლიოზე უნდა ემსაჯა, მაგრამ აშშ-ში არ შეუშვეს | სომალელი რეფერის ამბავი
ომარ აბდულკადირ არტანი სომალელი მსაჯია, რომელსაც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ემუშავა. FIFA-მ მუნდიალისთვის 52 არბიტრი თავად, საგულდაგულოდ შეარჩია და არტანი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.
შაბათს სომალელი არბიტრი სტამბულიდან აშშ-ში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვიზა ჰქონდა, ის ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან გააბრუნეს. The Athletic-ის ინფორმაციით, ჩასვლისას მას დამატებითი ინსპექცია ჩაუტარდა და აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ გასაჯაროებულა.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ავტორიტეტულ გამოცემას განუცხადა, რომ არტანი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისთვის მომზადებასა და მსაჯობას ვერ შეძლებს. საინტერესოა, რომ სომალი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა. The Athletic-ი ვარაუდობს, რომ შესაძლო მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.
2025 წელს არტანი აფრიკის კონფედერაციის წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. მას ისტორია უნდა დაეწერა და პირველი სომალელი არბიტრი გამხდარიყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავებდა. სხვათა შორის, აპრილში, მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯებისა და ოფიციალური პირების სიის გამოქვეყნებისას, ფიფამ განაცხადა, რომ ჩაატარა „საგულდაგულო და ყოვლისმომცველი შერჩევის პროცესი, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა“.