მიკი ვან დე ვენი - მოურინიოს ახალი მოთხოვნა მადრიდის რეალს
მადრიდის რეალი მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. უკვე ცნობილია, რომ სამეფო კლუბში დენზელ დუმფრისი და იბრაჰიმა კონატე ითამაშებენ.
სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა MARCA ახალ ფეხბურთელზე წერს. წყაროს ცნობით, ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემის უკანახაზელი მიკი ვან დე ვენი სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს ლონდონური კლუბის დატოვება და კარიერაში ახალი ეტაპის დაწყება აქვს განზრახული.
მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროზე მეტია, თუმცა ინგლისური მედია წერს, რომ „ტოტენჰემი“ შესაძლოა 75 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 85 მილიონ ევროს) ითხოვდეს.
ვან დე ვენი მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს და ტურნირს ევროპის გრანდების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენებს. მის მიმართ ინტერესს ასევე ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ.
„მიკი სრულად შეესაბამება იმ პროფილს, რომელსაც მოურინიო ეძებს. „რეალი“ მზად არის, ის დაიმატოს,“ — აცხადებს Mirror-ის მიერ ციტირებული წყარო.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ცენტრალური მცველი ტოტენჰემს 2023 წელს შეუერთდა. 2023 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 96 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.