„დეფიბრილატორმა თავისი საქმე გააკეთა“ - ერიქსენის პირველი კომენტარი
კრისტიან ერიქსენმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა. დანიის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი შეუძლოდ ამჯერად უკრაინელებთან ამხანაგურ შეხვედრაში გახდა და მის გონზე მოსაყვანად ექიმებს დაახლოებით ათი წუთი დასჭირდათ, ხოლო მატჩი აღარ გაგრძელებულა. მომხდარის შემდეგ დანიელების წამყვანი ფეხბურთელის პირველი კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
კრისტიან ერიქსენი
მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერი წესრიგშია, უკვე სახლში ვარ და ოჯახის წევრების გარემოცვაში ვიმყოფები. როგორც ვვარაუდობდი, რამდენიმე წლის წინ ჩაყენებული დეფიბრილატორი აშკარად მიცავს და 2021 წელს განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ახლა გაცილებით ნაკლებად საშიში ვითარება შეიქმნა. ახლა მხოლოდ ოჯახზე და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებაზე ვარ ორიენტირებული და სხვა საკითხებზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი გასულ სეზონში „ვოლფსბურგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა მან და მისმა თანაგუნდელებმა „მგლები“ გერმანიის ბუნდესლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნეს.