„ფეხბურთელები უკეთ უნდა გავიცნო“ - პრესეზონზე მამარდა ირაოლასთან იმუშავებს
ლივერპულში ანდონი ირაოლას ეპოქა იწყება - მერსისაიდულმა კლუბმა წარუმატებელი სეზონის შემდეგ არნე სლოტს კარისკენ მიუთითა და გუნდი 43 წლის ბასკ სპეციალისტს ჩააბარა.
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველ ინტერვიუში ირაოლამ პრესეზონთან დაკავშირებული კითხვასაც უპასუხა.
„წინ მსოფლიო ჩემპიონატია და იმის გამო, რომ პირველი გუნდის ბევრი ფეხბურთელი მუნდიალის გამო გვიან შემოგვიერთდება, გვექნება შესაძლებლობა, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ვიმუშაოთ და უკეთ გავიცნოთ აკადემიიდან ამომავალი მოთამაშეების პოტენციალი. ეს მოგვცემს საჭირო ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც სეზონის დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბმა უნდა მიიღოს.
3 წელია, რაც ინგლისში ვმუშაობ, და „ლივერპულთან“ არაერთხელ მითამაშია და ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა, ამიტომ პრესეზონზე მათთან მუშაობა ძალიან სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ირაოლამ.
ბრიტანული გამოცემა LiverpoolXtra წერს, რომ პრესეზონის დაწყებასთან ერთად გიორგი მამარდაშვილი და ფრედი ვუდმენი „წითლების“ საწვრთნელ ბაზაზე ჩავლენ და ირაოლასთან მუშაობას შეძლებენ.
როდის დაიწყება „ლივერპულის“ პრესეზონი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მერსისაიდულ კლუბს უკვე ჩანიშნული აქვს სამი ამხანაგური მატჩი აშშ-ში. ამერიკული ტურნე 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდება.