„მოსაწყენ გუნდს მოუგეთ“ - ფერგიუსონმა პარიზელებს მიულოცა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდებარე სტადიონ „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ „არსენალს“ არ გაუმართლა, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ 11-მეტრიანების სერიაში გამარჯვებისა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ტიტულის მოგება დაიმსახურა. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის მიერ გაგზავნილი მისალოცი შეტყობინება პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა გაასაჯაროვა.
რას წერს ფერგიუსონი
ნასერ, ალექს ფერგიუსონი გესაუბრება. გილოცავთ და შექებას იმსახურებთ - ეს თქვენი კლუბისთვის უმძიმესი საღამო იყო, მაგრამ გამარჯვება გეკუთვნოდათ, რადგან თამაშობდით მოსაწყენი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა. მთელ კლუბს კარგ დასვენებას გისურვებთ.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგა 1999 და 2008 წლებში, შესაბამისად, „ბაიერნისა“ და „ჩელსის“ დამარცხების შემდეგ მოაგებინა. 2009 და 2011 წლებში კი, „მანკუნიანელებმა“ ორი ფინალი „ბარსელონასთან“ დათმეს.