ანჩელოტი: ყველა ნაკრები შევისწავლე, იდეალური გუნდი არავის ჰყავს
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის მიერ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ტალანტები უნდა შევინარჩუნოთ, რადგან არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰყავს ისეთი ტალანტები, რომლებიც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის ვლინდებოდა. თუმცა, სხვა კომპონენტებიც უნდა დავამატოთ: კარგი განწყობა, დამოკიდებულება, შრომისმოყვარეობა, თავდადება - ყველაფერი ეს. იმიტომ, რომ მხოლოდ ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად საკმარისი არ არის.
ჩემი მახსოვრობით, ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მარტომ მოიგო, 1986 წელს დიეგო მარადონა იყო (იღიმის). მაგრამ 1986-დან 2026 წლამდე 40 წელი გავიდა. და ფეხბურთიც შეიცვალა.
კარგი გუნდი მყავს, შეგვიძლია ყველას გავუწიოთ კონკურენცია. არიან სხვა მართლაც ძლიერი გუნდებიც: საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა, ინგლისი, გერმანია და პორტუგალია. ამ წლის განმავლობაში ყველა გუნდი შევისწავლე. იდეალური გუნდი არ არსებობს, ყველას თავისი პრობლემები აქვს.
პრობლემები ჩვენც გვაქვს. ყველა პოზიციაზე სრულყოფილად არ ვართ დაკომპლექტებულები. გაიმარჯვებს არა ის გუნდი, რომელიც იდეალური იქნება – არამედ ის, რომელიც უფრო ძლიერია და შეცდომებთან გამკლავება შეუძლია“,
– განაცხადა ანჩელოტიმ.