გოლი გაიტანა და ჩაეხუტა | ნეიმარისა და რობინიოს შვილის კომენტარები
კოპა სუდამერიკანას ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სანტოსი“ „რეკოლეტას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ბრაზილიელთა მხრიდან გოლი ნეიმარმა გაიტანა, რომელმაც 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
„რეკოლეტას“ კარის აღების შემდეგ ნეიმარი რობინიოს შვილთან, რობინიო ჟუნიორთან მივიდა, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოუვიდა, და მას ჩაეხუტა. მატჩის შემდეგ ნეიმარმა და რობინიო ჟუნიორმა მომხდარზე ისაუბრეს და საჯარო კომენტარები გააკეთეს.
„დიახ, ზედმეტი მომივიდა. ეს ვიცი. მეგონა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი იმ მომენტში მოგვარდა. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაცები ხდება — სპორტის ნაწილია... დარტყმები, სილის გაწვნა და ა.შ. ეს ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ყველაფერი გუნდის შიგნით უნდა მოგვარებულიყო. სამწუხაროდ, ეს ამბავი იმ ადამიანებამდე მივიდა, ვისაც ფეხბურთში არაფერი გაეგებათ და მათ ყველაფერი ძალიან გააბუქეს. ორივემ შეცდომები დავუშვით. ზედმეტი მომივიდა და ბოდიში მოვიხადე“, — განაცხადა ნეიმარმა.
„მომხდარმა ძალიან დამწყვიტა გული, რადგან ნეიმარი ბავშვობიდან ჩემი საფეხბურთო კერპია. ძალიან ძვირფასი ადამიანია... პირველი საჩუქარი, რაც მან გამიკეთა, იყო მაისური, როდესაც 8 წლის ვიყავი. ბევრი ვიტირე და ის დღემდე მაქვს შენახული. ამ სიტუაციამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომელიც არ უნდა მიეღო. ნეიმარი შეცდა, ბოდიში მოიხადა და ეყო კაცობა, საკუთარი დანაშაული ეღიარებინა. მე მეყო კაცობა, მას დავლაპარაკებოდი და ახლა ყველაფერი კარგადაა. სასამართლო უწყება და მოთხოვნები ჩემი და ჩემი აგენტების მხრიდან ბრაზის მომენტში წარმოიშვა... ეს უფრო ემოციით იყო განპირობებული და ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება არ გახლდათ. შემეძლო დავფიქრებულიყავი, თუმცა ეს მედიაში გასატანად გამიზნული სვლა არ ყოფილა.
ყველა უშვებს შეცდომას. ისიც ადამიანია, როგორც ჩვენ; მეც დამიშვია შეცდომები. სილის გაწვნა შეცდომა იყო, მაგრამ იმავე მომენტში მოიხადა ბოდიში. პატიება რამდენჯერმე მთხოვა და მეც ვუთხარი, რომ ბოდიში მიღებულია. ყველაფერი კარგადაა“, — აღნიშნა რობინიოს შვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარსა და რობინიო ჟუნიორს ვარჯიშისას ინციდენტი მოუვიდათ. რობინიო ჟუნიორმა თანაგუნდელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, რის შემდეგაც ნეიმარმა ის წააქცია და სილაც გააწნა.