რონალდო მხოლოდ ქალებზე ფიქრობდა, ნეგატიური ლიდერი იყო | კაპელო ბრაზილიელზე
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფერარაში Il Corriere della Sera-ს ფესტივალის სტუმარი იყო და სცენიდან თავის დიდებულ სამწვრთნელო კარიერაზე ისაუბრა.
„როდესაც რონალდო „ფენომენო“ მადრიდში ჩამოვიდა, ვკითხე: რამდენი იყო შენი წონა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე? 84 კილოგრამიო. ახლა? 94. ის ნეგატიური ლიდერია. არ ვარჯიშობდა ისე, როგორც საჭირო იყო და თანაგუნდელებიც აყოლილი ჰყავდა. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გუნდიდან გაგვეშვა. ამ დროს ბერლუსკონი მირეკავს: „როგორია რონალდო?“ პრეზიდენტო, კარგია, მაგრამ კარგი მაგალითი არ არის, სულ დისკოთეკებზეა, გასუქდა და მხოლოდ ქალებზე ფიქრობს-მეთქი. მეორე დღეს კი Gazzetta-ს გარეკანზე ვკითხულობ: რონალდო მილანშია“.
2002 წლის ზაფხულში რონალდო სელესაოსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ამავე ზაფხულში კარიერა მადრიდის რეალს დაუკავშირა. 2006 წელს რეალი კაპელომ ჩაიბარა.როგორც კაპელოს სიტყვებიდან ვიგებთ, მუნდიალის მოგების შემდეგ რონალდოს წონა 10 კილოგრამით მომატებული იყო.
ფაბიო კაპელო მადრიდის რეალს 1996-97 და 2006-07 წლებში წვრთნიდა, სამეფო კლუბმა აღნიშნულ ორ სეზონში ლა ლიგა მოიგო.
1997 წლის ზაფხულში კაპელომ მადრიდის რეალი დატოვა და მილანში დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით კაპელომ განაცხადა: „რაც შეეხება მადრიდის დატოვებას და მილანში დაბრუნებას, ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“.
კაპელო კასანოზე: „იმდენი რამ აქვს დაშავებული, რომ ყველას გახსენება მიჭირს''.
კაპელო ბერლუსკონიზე: „მოგონება ბერლუსკონიზე? განსაკუთრებული იყო. რაც მან გააკეთა, უნიკალურია. ტელევიზიის შექმნა ბევრმა სცადა, მაგრამ ასე არავის გამოსვლია. მან დაიწყო და მაიკ ბონჯორნო დაიქირავა. გუნდთან პირველ შეხვედრაზე თქვა: „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ“. გვეგონა, რომ გიჟი იყო... ეს ოცნება იყო და მან ეს ოცნება აასრულა“.
კაპელო მილანს 1991-96 და 1997-98 წლებში წვრთნიდა, სერია A (1991–92, 1992–93, 1993–94, 1995–96), ჩემპიონთა ლიგა (1993-94), იტალიის სუპერთასი (1992, 1993, 1994) და ევროპის სუპერთასი (1994) მოიგო.