ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია კვარადონას რეჟიმში | Eurosport-ის მიმომხილველი ქართველ ვარსკვლავზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5:4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს, ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა.

Eurosport-ის მიმომხილველი ჟიულიენ პერეირა სტატიას წერს სათაურით: კვარაცხელია კვარადონას რეჟიმში

აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ: „ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში პსჟ-სა და ბაიერნის მასშტაბის სანახაობის შესაქმნელად ნამდვილი არტისტები იყო საჭირო. ხვიჩა კვარაცხელია მათ შორის ყველაზე ბრწყინვალე აღმოჩნდა თავისი არტისტიზმითა და შესრულების მანერით. უსმან დემბელემ საბოლოოდ დაიბრუნა თავისი „ოქროს ბურთის“ სადარი ფორმა, მაშინ როცა მარკინიოსსა და უილიან პაჩოს თამაში გაუჭირდათ. 

ქართველი იყო პირველი, ვინც მატჩში გარდატეხის შეტანა სცადა მაშინ, როდესაც ჩანდა, რომ ბაიერნმა პარიზი წნეხში მოაქცია. მუდმივად ენერგიით სავსემ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სპრინტის შემდეგ თითქოს დაშავდა, მაინც უმაღლესი ტექნიკური დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა და „პარკ დე პრენსი“ აიყოლია გოლით, რომელიც მთლიანად მარტომ შექმნა (პირველ გოლს გულისხმობს).

მას, ალბათ, შეეძლო პენალტის მოპოვება მას შემდეგ, რაც დაიო უპამეკანოს თავბრუ დაახვია (დუბლის შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე), მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ შური იძია, ნოიერი უშანსოდ დატოვა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა''.

კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბაიერნთან

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 14 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 10 გოლი და 5 საგოლე პასია (15 საგოლე მოქმედება). ბაიერნთან მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (9 საგოლე მოქმედება).

2024-25 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასე რომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები