The Athletic: მოლაპარაკებები გაიყინა - ვინისიუსი და რეალი ერთ რამეზე ვერ თანხმდებიან
„რეალი“ და ვინისიუს ჟუნიორი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არ არიან. მოლაპარაკებები გაიწელა და ამჟამად შეჩერებულია. იუწყება The Athletic.
მანამდე Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერდა, რომ კლუბსა და ბრაზილიელ გარემარბს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს და მხარეებს მხოლოდ ბოლო დეტალების მოგვარება დარჩათ.
The Athletic-ის ინფორმაციით, შეთანხმების გახანგრძლივების ნიშნები, რომელიც 2027 წლის ივნისის ბოლოს იწურება, ჯერჯერობით არ ჩანს. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დაიწყო, მას შემდეგ კი ამ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.
აღინიშნება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ ზაფხულს ვინი მადრიდიდან წავიდეს. პირველ რიგში, მას თავად სურს დარჩენა, მეორე მხრივ კი - ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა მისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულმა გამოსვლამ შესაძლოა მისი პოზიციები მოლაპარაკებებისას გაამყაროს.
თავის მხრივ, „რეალი“ ჯერჯერობით არ ავლენს მზადყოფნას, დააკმაყოფილოს ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები, რაც აშკარა პრობლემაა. „სამეფო კლუბის“ პოზიციასა და მოთამაშის მოთხოვნებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.