Aa
Aa

კაკაბაძის ბრწყინვალე დრიბლინგი და საგოლე პასი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში ''ხიმნასტიკმა'' საკუთარ მინდორზე 3:0 გაანადგურა ''ლუგო.'' მესამე გოლი მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე გავიდა, საგოლე პასი ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ხოსე მორენტეს გაატანინა. გასული მატჩების მსგავსად ოთარ კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, შეუცვლელად ითამაშა.

''ხიმნასტიკი'' არასტაბილური ასპარეზობით გამოირჩევა, უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან 2 მოიგო და სამ მატჩში მარცხი განიცადა. სეზონის სტარტზე კლუბის მიზანი ლა ლიგაში აღზევება იყო, თუმცა 33 ტურის შემდეგ ''ხიმნასტიკი'' გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, 22 გუნდს შორის 39 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

22 წლის ოთარ კაკაბაძემ, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 27 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია. ესპანურ გუნდში ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველი მეორე სეზონს ატარებს, პირველ სეზონში იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა, 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, რასაც დანიურ ''ესბიერგში'' განათხოვრება მოყვა. სკანდინავიიდან ესპანეთში დაბრუნებულმა კაკაბაძემ გუნდში ადგილი დაიმკვიდრა და სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

''ხიმნასტიკი'' შემდეგ მატჩს  8 აპრილს საკუთარ მოედანზე ''ვალიადოლიდის'' წინააღმდეგ ჩაატარებს, ''ვალიადოლიდი'' კაკაბაძის გუნდისგან განსხვავებით ელიტაში აღზევების შანსს ინარჩუნებს. ასე რომ მასპინძლებს რთული მატჩი ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები