„ლუის ენრიკეს ნდობა კვარას მიმართ აშკარაა“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე
გავლენიანი ფრანგნული გამოცემა Le Parisien-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა, ლორან პერინმა პსჟ-ს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.
რას ამბობს პერინი:
„კვარას სეზონის დასაწყისი საკმაოდ არასტაბილური ჰქონდა, მისი სტატისტიკა „ლიგა 1“-ში იმედგაცრუებას იწვევს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე მაჩვენებლები ნამდვილად დასაფასებელია: 9 მატჩი, 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.“
„დემბელესა და დუეს ხშირი ტრავმიანობის გამო, გუნდის თავდასხმის ხაზი მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ ლუის ენრიკეს ნდობა კვარას მიმართ აშკარაა: მნიშვნელოვან შეხვედრებში, თუ ის მზადაა, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია. ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.“
„ხვიჩა გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც მაქსიმუმის საჩვენებლად 100%-იანი ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება. 2025 წელი მისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა - ტრანსფერი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.... შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მისი დაბალი შედეგიანობის მიზეზი, თუმცა თამაშზე მისი გავლენა აშკარაა.“
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ ხვიჩას ზუსტად იგივე სტატისტიკა აქვს ჩემპიონთა ლიგაზეც - 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 9 თამაში ჩაატარა.
ქართველმა შემტევმა ბოლოს გუშინ, „ლე ავრის“ წინააღმდეგ ითამაშა და მისმა გუნდმა შეხვედრა 1:0 მოიგო. კვარაცხელია სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 მარტს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.