ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ბარსამ ლა ლიგა მოიგოს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და „ჟირონასთან“ მატჩში მომხდარ სამსაჯო სკანდალის შესახებ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

„კუნდეს ფეხში ჩარტყმა - ეს წესების სრულიად აშკარა დარღვევაა. მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ჩვენ ლა ლიგა მოვიგოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ყველა დიდ გუნდს აქვს ჩავარდნები, მაგრამ აშკარაა, რომ ზოგიერთები ამით სარგებლობენ, რათა ჩვენი გატეხვა სცადონ.

ეს იქნება ჩემპიონატი ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გასახდელში ნამდვილი განძი გვყავს - გუნდი, რომელიც დეკუმ ოსტატურად შექმნა და რომელსაც ფლიკი მართავს. მე ვიცი, რამდენად ნიჭიერები არიან ჩვენი მოთამაშეები, ვიცი მათი განწყობა - მათ პირადად ვესაუბრე. ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან, რომ სიტუაცია შეცვალონ.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ ორი ლა ლიგა, სამი თასი და სამი სუპერთასი. და ეს გავაკეთეთ „რეალთან“ ბრძოლაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. მნიშვნელოვანია ფლიკისა და გუნდის ნდობა. კლუბის აღზრდილებსა და სხვა კულტურის მქონე ფეხბურთელებს შორის შესანიშნავი სიმბიოზი არსებობს. ჩვენ ვითარებას გამოვასწორებთ“,

– განაცხადა ლაპორტამ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი შტაბ-ბინის გახსნაზე.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩში, „ჟირონამ“ შინ „ბარსელონა“ დაამარცხა (2:1), სადაც გამარჯვების მომტანი გოლი 86-ე წუთზე გავიდა. რამდენიმე ყოფილმა არბიტრმა განაცხადა, რომ გოლი უნდა გაუქმებულიყო - ჟიულ კუნდეზე კლაუდიო ეჩევერის აშკარა ჯარიმის გამო. მთავარ არბიტრს, სესარ სოტო გრადოს, წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია, ხოლო VAR-ის ოთახიდან მას მონიტორთან ეპიზოდის სანახავად მისვლა არ სთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები