„როგორც დაცვაში, ისე შეტევაში მომატების რესურსი გვაქვს“ - ენრიკე
ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე და ტრავმირებულების მდგომარეობაზე ისაუბრა.
„გრძელი და თითქმის უსასრულო სეზონის შემდეგ მხოლოდ 3 კვირა დავისვენეთ, ამიტომ ვცდილობთ, გავანაწილოთ დატვირთვები და ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც ტოპ კლუბებში ყოველთვის არსებობს. ამის ერთ-ერთი გზა ფეხბურთელების დასვენებაცაა. როდესაც ფეხბურთელი დასვენებული ბრუნდება, ის უფრო მოტივირებულეად ვარჯიშობს. ხალხი ფიქრობს, რომ რადგან ფეხბურთელებს მაღალი ხელფასები აქვთ, ისინი ყოველთვის მოტივირებულები არიან, თუმცა ხელფასის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს და დასვენება ერთ-ერთი მათგანია.
ფაბიან რუისი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი ვადა არ ვიცით. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ფაბიანი ვარჯიშობს, თუმცა ჯერ კიდევ გუნდისგან განცალკევებულად.
შეიცვალა თუ არა დემბელეს თამაში? არა, ვფიქრობ, ის ისეთივე ფეხბურთელია, როგორიც შარშან ან შარშანწინ იყო. ორი კვირის წინ პრესა წერდა, რომ უსმანი არასტაბილურია, ახლა კი „ძალიან სტაბილური“ გახდა. ჩემი აზრით, დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია და როდესაც ტრავმები არ აქვს, მოედანზე ბრწყინავს. გვიხარია, რომ მისი დონის ფეხბურთელი გვყავს.
ზაბარნის პრობლემები არ აქვს. აქ ადაპტაცია მარტივი არაა, მაგრამ ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ. როგორც წესი, მათ სათამაშო დროს ვაძლევთ, თუმცა თასიდან გავარდნის გამო ეს უფრო რთული გახდა. წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ სათამაშო დროს ყველა ფეხბურთელი მიიღებს. იქნება თუ არა ძირითადში დრო ერნანდესი? ვნახავთ, როგორ წარმოაჩენს თავს ვარჯიშზე.
ჯერ კიდევ ვცდილობთ, უფრო უკეთესები გავხდეთ. გვაქვს მომატების რესურსი როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. იმედია, ტრავმები არ გვექნება და ყველა ფეხბურთელი შეძლებს საკუთარი თამაშის ჩვენებას“.
ცნობისთვის, რენისა და პსჟ-ის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.