„ველიე კარგი ადგილია ჩემი განვითარებისთვის“ - ლუკა ლაცაბიძე
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლაცაბიძემ, რომელიც დონეცკის „შახტარმა“ სეზონის ბოლომდე დანიურ „ველიეში“ გაანათხოვრა, ახალი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ლუკა ლაცაბიძე:
„ველიესგან“ კარგი შეთავაზება მივიღე და დავთანმხდი. კლუბის შესახებ ინფორმაცია გიორგი ტაბატაძისგან მივიღე, რომელსაც ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიცნობ. ვიცი, რომ დანიიდან ევროპის სხვა ქვეყნებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გადადის. ეს კარგი ადგილია განვითარებისთვის, დანიის ჩემპიონატში ძალიან ძლიერი კონკურენციაა.
დაცვაში თამაშით სიამოვნებას ვიღებ. მოუთმენლად ველი თანაგუნდელების გაცნობას და სავარჯიშო პროცესში ჩართვას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბში ჩემი კვალი დავტოვო და „ველიეს“ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო“.
ლუკას ტრანსფერზე ასევე ისაუბრა „ველიეს“ სპორტულმა დირექტორმა მიკელ ჰემერზამმა:
„ლუკა ლაცაბიძე ახალგაზრდა მცველია, რომელიც დაცვაში კონკურენციას გააძლიერებებს. ის კარგად გამოიყურება ორთაბრძოლებში და კარგია როგორც დაცვის მაღალი, ისე დაბალი ხაზით თამაშისას. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ლაცაბიძეს რამდენიმესეზონიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მას აქვს კარგი ტაქტიკური ცოდნა, რომელიც საქართველოში და შახტარში მიიღო. ასევე ლაცაბიძე რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში, რომელსაც ახლა კაპიტნობს კიდეც. იჯარის პერიოდში დავაკვირდებით მას და თანამშრომლობის გახანგრძლივებაც ვიფიქრებთ. გვიხარია, რომ ლუკა „ველიეში“ ზრდის შესაძლებლობას ხედავს“.
ცნობისთვის, ლაცაბიძე 21 წლისაა. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს კი „შახტარს“ შეუერთდა, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი მცველი ჯერ ოდესის „ჩორნომორეცში“, შემდეგ კი „დინამოში“ გაანათხოვრა, ახლა კი, სეზონის დარჩენილ ნაწილს ლუკა დანიაში გაატარებს. ასევე გეტყვით, რომ „ველიეს“ ღირსებას 20 წლის მცველი გიორგი ტაბატაძე იცავს.
რაც შეეხება „ველიეს“, დანიური სუპერლიგის 18 ტურის შემდეგ „ველიე“ 13 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ველიე“ 9 თებერვალს „ფრედერიკიას“ წინააღმდეგ გამართავს.