„თვით ზიდანმაც კი გააკეთა ეს დიდ მატჩში“ - ენრიკემ ბრაჰიმი დაიცვა და სპორტინგთან მატჩზე ისაუბრა
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს.
რა თქვა ენრიკემ:
„სეზონის მნიშვნელოვან ფაზაში ვართ. იმედი გვაქვს, რომ ტრავმირებული მოთამაშეები მალე დაგვიბრუნდებიან. ამ შეხვედრას კარგად მომზადება და ყურადღება სჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზეც მნიშვნელოვანი მომენტია, სადაც ორი მატჩი დაგვრჩა. გამორჩეულ სტადიონზე ვითამაშებთ, რთული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს და ძალიან კარგად იცავს თავს. ეს ალბათ ცოტათი წააგავს იმას, რაც ბილბაოში გამოვცადეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული კალენდარი გვქონდა. ჩვენი მიზანი ხვალ გამარჯვებაა, რათა მერვედფინალში გასვლა გავინაღდოთ.“
 
„ეს მნიშვნელოვანია გუნდის თავდაჯერებულობისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენი გამოთიშვის გამო, კალენდარში საფრანგეთის თასის ოთხი მატჩი დაგვაკლდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამარჯვება მაინც უმნიშვნელოვანესია. მაშინაც კი, თუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნება.“
 
როგორ ახსნით იმას, რომ თქვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალების მაქსიმუმს ავლენს?
„გუნდის დონის საჩვენებლად, უკეთესი ტურნირი არ არსებობს. მესმის, რომ ჩემს მოთამაშეებს ასეთი მატჩების ჩატარება სიამოვნებთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გუნდის ტრაექტორია ერთნაირია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტურნირზე ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ყველაფერი ისეა, როგორც გასულ სეზონში. ჩემპიონთა ლიგის დასაწყისში სირთულეები გვქონდა, რადგან ეფექტურობა გვაკლდებოდა, თუმცა მაინც იგივე სურათს ვხედავ. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“
 
რით არის უსმან დემბელე გადამწყვეტი მეტოქეზე პრესინგის განხორციელების თვალსაზრისით?
„უსმანი მოედანზე ლიდერია. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ მოთამაშე ავლენს არა მხოლოდ ასეთ ინდივიდუალურ თვისებებს, არამედ მეტოქეზე პრესინგის განხორციელების უნარსაც. ის ყოველ ჯერზე მზად არის მცველზე ან მეკარეზე ზეწოლა მოახდინოს. ის სამაგალითოა და ძალიან მიხარია მისი კვლავ ამ დონეზე ხილვა.“
რას ფიქრობთ იმ ოთხ პორტუგალიელზე, რომლებიც გუნდში გყავთ?
„მაქვს ბედნიერება ვიმუშაო ნუნუსთან, გონსალუსთან, ვიტინიასთან და ჟოაუსთან, ასევე სპორტულ დირექტორთან (ლუის კამპუშთან), რომელიც პორტუგალიელია. ამ ოთხი მოთამაშის გაწვრთნა ძალიან ადვილია, რადგან ძალიან პროფესიონალები არიან. მათი გუნდში ყოლა ნამდვილი სიამოვნებაა, ძალიან მიმართლებს.“
რისი თქმა შეგიძლიათ ბრაჰიმ დიასის მიერ აფრიკის თასის ფინალში გაფუჭებულ „პანენკაზე“?
„ამაზე ავტობუსში ვისაუბრეთ. დღეს ყველა ბრაჰიმ დიასზე ლაპარაკობს, მაგრამ თვით ზიდანსაც კი, თქვენს ღმერთს, გაუკეთებია ეს დიდ მატჩში, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. დიდ მოთამაშეებს უცდიათ ასე დარტყმა. როცა გამოგდის, ტაშს გიკრავენ, ხოლო როცა ვერ აკეთებ — გაკრიტიკებენ. ბრაჰიმი დიდებული მოთამაშეა, მას ვიცნობ, რადგან ერთხელ ესპანეთის ნაკრებში მყავდა. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო, რადგან ეს მხოლოდ სპორტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ღირებულებებია, რომლებსაც ახალგაზრდებს აჩვენებ. გადაჭარბება არაფერში ვარგა, ეს მკვლელობა ხომ არ არის.“
ხომ არ გეშინიათ, რომ ეს მარცხი ჰაკიმიზე უარყოფითად იმოქმედებს?
„ახლა გამარჯვებულებისთვის მილოცვის დროა. რაც შეეხება ჰაკიმის, მას ამის გადალახვა მოუწევს. თუმცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ის მალე ბრუნდება, ჩვენ შეჯიბრში ვართ, მას სხვა მოთამაშეების მსგავსად ბევრ ფულს ვუხდით, ასე რომ, ის დაბრუნდება (იცინის).“
როგორ გრძნობს თავს ჟოაუ ნევეში, რომელიც ამ შეხვედრასაც გამოტოვებს?
„მას სერიოზული ტრავმა არ აქვს, მაგრამ არანაირი რისკის გაწევა არ გვსურს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ეს რომ ფინალი ყოფილიყო, ის თამაშს შეძლებდა. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მიდგომას, რაც რისკის თავიდან აცილებას გულისხმობს.“
6 ტურის შემდეგ, პსჟ სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, „სპორტინგი“ კი 10 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. ხვალინდელი დაპირისპირება საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.