დონარუმა სერია A-ში დაბრუნებაზე ფიქრობს | აგენტი
ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, ენცო რაიოლამ, მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იტალიის ნაკრების კაპიტანი სიამოვნებით გამოიყენებდა სერია A-ში დაბრუნების შანსს, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ექვსი თვის წინ შეუერთდა.
რაიოლა ხაზს უსვამს დონარუმას „სიმშვიდეს“ ინგლისში, თუმცა აღიარა, რომ ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში, ისინი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას „ხელიდან არ გაუშვებენ“. ამ განცხადებამ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ უკვე სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
„დღეს „მანჩესტერ სიტიში“ ის სიმშვიდეს პოულობს, მოსწონს პროექტი და იწყებს ინგლისის ჩემპიონატის გაგებას, მეორე დღეს ხუმრობით მითხრა, რომ იქ 5-6 წელი თამაში დიდი თავგადასავალი იქნებოდა... თუმცა, თუ იტალიაში დაბრუნების შანსი გაჩნდება, ჩვენ მას გამოვიყენებთ“, - განმარტა რაიოლამ RAI-სთან ინტერვიუში.
როგორც Goal.com-ი წერს, მთავარი დაბრკოლება ასეთი ტრანსფერისთვის ასტრონომიული ხელფასია, რაც იტალიური კლუბებისთვის ფინანსურად თითქმის შეუძლებელია.
დონარუმას კონტრაქტი „სიტიში“ მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს. „ქალაქელებმა“ პსჟ-ს იტალიელი გოლკიპერის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ჯიჯიმ ხელი მოაწერა ხუთწლიან ხელშეკრულებას, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდეა ძალაში: Calciomercato-ს ცნობით, ეს კონტრაქტი მას მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის სახით, დაახლოებით 80 მილიონ ევროს უნაღდებს.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობდა და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.