რეალის ხელმძღვანელობა შექმნილ სიტუაციაში ფეხბურთელებს ადანაშაულებს | COPE
მადრიდის „რეალში“ უკიდურესად უკმაყოფილოები არიან ესპანეთის თასიდან გამოვარდნის გამო.
გუშინ სამეფო გუნდმა ტურნირის 1/8 ფინალში „ალბასეტესთან“ ანგარიშით 2:3 წააგო. ეს იყო „ბლანკოსის“ პირველი მატჩი ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით.
COPE-ს ჟურნალისტის, მელჩორ რუისის ინფორმაციით, „რეალში“ ამ მარცხს ისტორიულს უწოდებენ - ისევე, როგორც თავის დროზე „ალკორკონთან“ (0:4) და „ალკოიანოსთან“ (1:2) განცდილ წარუმატებლობებს იმავე ტურნირზე.
კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსგავსი თამაში გუნდისთვის შეუფერებელია და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ფეხბურთელებს ეკისრებათ.
ამასთან, ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონის წინ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევთ, რომელთაგან ზოგიერთი „შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს“.
მიუხედავად ამისა, კლუბში იმედოვნებენ, რომ არბელოა, რომელსაც სრულ ნდობას უცხადებენ, სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს და დარჩენილ ორ ტურნირზე - ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ამასთან, ცნობილია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებს.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის ფონზე, მადრიდის „რეალმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩაბი ალონსო, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასული წლის მაისში დაინიშნა.