აეკი და თურქული კლუბები | მექვაბიშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს
„კრაიოვას“ ქართველ ფეხბურთელს, ანზორ მექვაბიშვილს, რამდენიმე მსურველი ჰყავს. რუმინული პრესის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გადაბირებით ათენის „აეკი“ და თურქული კლუბები ინტერესდებიან.
Prosport-ის ცნობით, „კრაიოვას“ წინადადებაც გაუკეთეს — რუმინულ კლუბს 3-მილიონიანი შეთავაზებით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. „კრაიოვა“ მექვაბიშვილს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს და მის სანაცვლოდ გაცილებით დიდი თანხა სურს.
Prosport ანზორის პოზიციაზეც წერს და აცხადებს, რომ იანვარში „კრაიოვას“ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სწორედ ის არის. როგორც რუმინული გამოცემა იტყობინება, მექვაბიშვილი წასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ყოველწლიურად 1 მილიონ ევროზე მაღალი ხელფასი ექნება.
ცნობისთვის, მექვაბიშვილს „კრაიოვასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო მიმდინარე სეზონში ანზორს 2 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.