ოფიციალურად - გალაჰერი ტოტენჰემის ფეხბურთელია
კონორ გალაჰერმა მადრიდის ატლეტიკო დატოვა და კარიერას ტოტენჰემში აგრძელებს. ინფორმაცია დეზების ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ინგლისურმა კლუბმა ატლეტიკოს გალაჰერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. წარდგენის შემდეგ, კონორმა კომენტარი გააკეთა.
გალაჰერი:
„მინდოდა ტოტენჰემის ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ეს სურვილი შემისრულდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდა. მოედანზე გასასვლელად უკვე მზად ვარ.
ვიცი, როგორი დიდებული გულშემატკივრები ჰყავს ამ გუნდს. აქ ყოფნით მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველი ატლეტიკოს 2024 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად როხიბლანკოს მაისური 77-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ატლეტიკოში გადასვლამდე გალაჰერი ჩელსის საკუთრება იყო. არისტოკრატების რიგებში 95 მატჩი აქვს ჩატარებული.