ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„არ შეიძლება ფეხბურთელებს ამხელა ძალაუფლება მისცეთ“, - რატომ წავიდა ალონსო?

მადრიდის „რეალიდან“ ჩაბი ალონსოს დათხოვნა ბევრისთვის მოულოდნელი სიახლე იყო, რადგან „ელ კლასიკოს“ შემდეგ გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბი მას ნდობას უცხადებდა.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი, რომელიც „რეალის“ შიდა სამზარეულოზე ხშირად წერს, ამჯერად ჩაბის დათხოვნის მიზეზებზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გუნდი ესპანეთში დილის 6 საათზე დაბრუნდა, რამდენიმე საათში კი „რეალის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა. მწვრთნელმა ისაუბრა დაღლილობაზე, რომელიც შექმნილმა ვითარებამ და „დამოკლეს მახვილის ქვეშ ცხოვრებამ“ გამოიწვია, ხელმძღვანელობამ კი პროექტის მომავალთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა. საბოლოოდ, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ვარჯიში არ ჩატარებულა - ფეხბურთელებს დასვენების დღე ჰქონდათ.

აღინიშნება, რომ ალონსომ პოსტი მხოლოდ შედეგების გამო არ დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობას ჰქონდა განცდა, რომ მწვრთნელმა „ვერ იპოვა სწორი ფორმულა“, არ ჰქონდა სათანადო კავშირი გასახდელთან (ფეხბურთელებთან) და ფიზიკური მომზადება არ იყო ეფექტური. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს თამაში არ გამოსდიოდა მაშინაც კი, როცა ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებდნენ.

ესპანური La SER-ი კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და სულ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ალონსომ კლუბს შემდეგი რამ უთხრა:

„თქვენ არ შეგიძლიათ ფეხბურთელებს ამხელა ძალაუფლება მისცეთ. შეუძლებელია მწვრთნელმა გასახდელი მართოს, როდესაც კლუბი ყოველთვის მოთამაშეების მხარეს იჭერს.“

- წერს ესპანური გამოცემა.

ამ შინაარსის ინფორმაცია ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა, იყო მინიშნებები, თუმცა ამ დრომდე ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. როგორც ჩანს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის უთანხმოება საკმაოდ დიდი ხანი მწიფდებოდა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

ბოლოს გეტყვით, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მადრიდული კლუბი მე-2 ადგილს იკავებს. მათ 19 ტურის შემდეგ 45 ქულა აქვთ და „ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები