„მატჩებს იგებდა, თუმცა გასახდელს ვერ აკონტროლებდა“, - რეალის ლეგენდები ალონსოზე
ჩაბი ალონსოს დათოხვნას „რეალის“ ლეგენდებიც გამოეხმაურნენ და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ერთ-ერთი პირველი ვინც ამის შესახებ ისაუბრა ხორხე ვალდანო იყო.
ვალდანოს ალონსოს მიმართ კითხვის ნიშნები მისი დანიშვნის დღიდანვე ჰქონდა.
„ჩაბი ალონსოს გარშემო არსებული სიტუაცია პირველივე დღიდან არ მეჩვენებოდა სტაბილურად. არასდროს მქონია განცდა, რომ მას კლუბისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ვითარება განსაკუთრებით სათუთი შობას გახდა, როდესაც ფლორენტინო პერესმა სიტყვით გამოსვლისას ჩაბი საერთოდ არ ახსენა.
გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშე იყო და აკლდა ფუნდამენტური ფეხბურთელი - ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ხანდახან ერთ მოთამაშეს შეუძლია სისტემა უფრო ჰარმონიული გახადოს, „რეალს“ კი ასეთი კაცი არ ჰყავდა. ჩაბიმ ბევრი მიდგომა მოსინჯა, ვერ ვიტყვით, რომ არ ცდილობდა. მას დიდი სირთულეები შეექმნა ტრავმების გამო და სწორედ ამან დაასვა დაღი მადრიდში მის პერიოდს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში უმაღლესი დონის უზადო რეპუტაციით მოვიდა“,
- განაცხადა ვალდანომ Movistar-ის ეთერში.
„რეალის“ კიდევ ერთი ლეგენდა გუტი ამბობს, რომ გასახდელში არსებული არეული სიტუაცია შორიდანაც შესამჩნევი იყო.
„მე არ ვიცი, რა ატმოსფერო იყო უშუალოდ გასახდელში ჩაბის დროს, მაგრამ ფაქტია: როცა ფეხბურთელები თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ და მწვრთნელით უკმაყოფილონი არიან, ეს გარედანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს - არა მხოლოდ ვარჯიშებზე, არამედ მატჩების დროსაც. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი ახლავე წასვლის მიზეზი.
რაც შეეხება თამაშის სტილს ან იმას, რასაც გუნდი მოედანზე აკეთებდა, ახლახან ვნახე სტატისტიკა: „ბარსელონას“ მწვრთნელ ფლიკს ზუსტად იგივე შედეგები აქვს 34 მატჩის შემდეგ, რაც ჩაბი ალონსოს ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებების რაოდენობის მხრივ ვითარება ცუდი არ ყოფილა. თუმცა, ხმები იმის შესახებ, რომ ის გასახდელს ვერ მოერგო, ბევრი იყო.
არბელოას დანიშვნაზე კი ვიტყვი, რომ აქ გარკვეული გამოცანაა, თუმცა ასე იყო მაშინაც, როცა ზინედინ ზიდანი „კასტილიიდან“ მოვიდა და საქმეები თავიდან კარგად არ მისდიოდა. კლუბში იციან არბელოას შესაძლებლობები, ის დიდი ხანია ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობს. რადგან მას ასეთი პასუხისმგებლიანი პოსტი ანდეს, ნიშნავს, რომ მისი სჯერათ. ვნახოთ, როგორ აეწყობა მისი საქმეები“,
— განაცხადა გუტიმ DAZN-ის ეთერში.
მართლაც, ალონსო „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა მოგებების პროცენტით. მიუხედავად გათავისუფლებისა, 44 წლის სპეციალისტი „ბლანკოსის“ საუკეთესო მწვრთნელებს შორის მოხვდა:
ჩაბის ხელმძღვანელობით „რეალმა“ 34-დან 24 მატჩი მოიგო (70,6%). იგივე მაჩვენებელი ჰქონდა ინგლისელ რობერტ ფირტს (1932–1934 წლებში). ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ოთხი სპეციალისტი უსწრებს (რომელთაც მინიმუმ 30 მატჩი ჩაატარეს):
მანუელ პელეგრინი - 75%, ჟოზე მოურინიო - 71,9%, რადომირ ანტიჩი - 71%, კარლო ანჩელოტი - 70,8%.
აღსანიშნავია, რომ ალონსომ ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს (რომელმაც კლუბს 14 ტიტული მოაგებინა) და ზინედინ ზიდანს (მისი მუშაობის ორივე პერიოდის გათვალისწინებით) გადაასწრო.